საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას ურჩევს, ნარკოტიკით ინტოქსიკაციის, მათ შორის, ზედოზირების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაუყოვნებლივ გამოიძახოს და ახსენებს, რომ 2014-2015 წლებში, გაუქმდა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, ზედოზირების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას ან სასწრაფო დახმარებას საპატრულო პოლიციისთვის შეტყობინება უნდა გადაეცა.
“მოსახლეობას – ყველას, ვინც კი შეიძლება, აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს, ზედოზირება იქნება თუ სხვა რამ, ვურჩევ, აუცილებლად გამოიძახონ სასწრაფო. ეს მათ არანაირ რისკს არ უქმნის, პირიქით, სწორედ ამის გაუკეთებლობა უქმნის რისკს. 2014-2015 წლებში, გავაუქმეთ ვალდებულება, რომ პირველი ზედოზირების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას ან სასწრაფო დახმარებას შეტყობინება გაეკეთებინა. მეორე – ზედოზირების შემთხვევაში, არც სადაზღვევო პაკეტები და არც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებდა ამ მდგომარეობის მკურნალობას. ესეც მოვხსენით და გადავწყვიტეთ, რომ სახელმწიფო დააფინანსებს ზედოზირების მკურნალობას. არ მინდა, რომ ეს მდგომარეობა ვინმეს დაუდგეს, მაგრამ თუ ვინმეს მაინც დაუდგება, არც კი შეყოვნდეს, იმ წამსვე გამოიძახოს სასწრაფო დახმარება”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.