კარგად იცით, რა წარმოდგენა მაქვს სიგარეტის ბიზნესზე – ვთვლი, რომ სიგარეტის ნებისმიერი ბიზნესი მსოფლიოში უნდა გაკოტრდეს ხვალვე, სულ ერთია ეს იქნება ქართული, თუ საერთაშორისო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ” ომეგა ჯგუფის” გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განუცხადა.
ამ კონტექსტში აკაკი ზოიძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ “სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი”.
“უნდა დადგინდეს, არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერი ავთენტური. დიდი შანსია, რომ ეს იყოს თაღლითობა. ადრე ამას აფერისტობა ერქვა, როცა ადამიანები ახსენებენ კონკრეტულ სახელებს, რომ მათ აქვთ თითქოს უფლებამოსილება გადაწყვიტონ საკითხები. რაც კაცობრიობა არსებობს, ასეთი აფიორებიც არსებობს. ამიტომ შეიძლება იყოს თაღლითობა, შეიძლება იყოს კორუფციის ნიშნები. უნდა დადგინდეს არის თუ არა სიმართლე. თუ სიმართლეა უმკაცრესი რეაგირება იქნება საჭირო, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ტელეკომპანია ,,იბერიას’’ ვალდებულებისგან, რომ გადასახადები გადაიხადონ. მფლობელები ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენენ. ჩვენი მიზანია, გადასახადები ამოვიღოთ, იყოს სამუშაო ადგილები და არა ის, რომ ვიღაც გააჩერო და დააჯარიმო. გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან მედია თავისუფლებაზე აპელირება არ ათავისუფლებს”, – განაცხადა ზოიძემ.