ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ უწყება დატოვა. ლაშა გოგია გამომძიებლების კითხვებს მთელი დღის განმავლობაში პასუხობდა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ერთი სიტყვით – “ორშაბათს” შემოიფარგლა.
ლაშა გოგიამ ასევე უპასუხოდ დატოვა შეკითხვები იმის შესახებ რა ინფორმაციის მიწოდებას აპირებს ორშაბათს, ან ადასტურებს, თუ არა ჩანაწერის ავთენტურობას.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.
“რუსთავი 2”-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენ კვირკვიასთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.
