თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური აქინ ოზთურქი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას უარყოფს. ამის შესახებ BBC თურქულ სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით იტყობინება. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გენერალი აქინ ოზთურქი ამბოხის უშუალო ორგანიზატორია.
გენერალ ოზთურქსა და 26 სამხედრო მაღალჩინოსანს ღალატში წაუყენეს ბრალი და პატიმრობა შეუაფარდეს. პროკურორებისთვის მიცემულ ჩვენებაში გენერალი ამტკიცებს, რომ მას სახელმწიფო გადატრიალება არ დაუგეგმავს.
“მე არ ვარ ის პიროვნება, რომელმაც დაგეგმა ან უხელმძღვანელა ამბოხს. ჩემი აზრით, სამხედრო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო პარალელური სტრუქტურის მიერ. თუმცა, მე არ ვიცი, შეიარაღებული ძალებიდან ვინ იყო ამის ორგანიზატორი”, – ციტირებს გენერლის ჩვენებას თურქული მედია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu წერდა, რომ გენერალმა ოზთურქმა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება აღიარა.