რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში, განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, რომელიც განაწყენებული იყო მამიდის დამოკიდებულებით, ურთიერთშელაპარაკებისას მას ხელი ჰკრა, რის შედეგადაც წაიქცა, თავი მიარტყა ტახტს და გონება დაკარგა. შემდეგ სარდაფში ჩაიყვანა, რა დროსაც ის გონს მოვიდა. ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით მას ხის ჯოხი თავისა და სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 2018 წლის 16 დეკემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.