“არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემდეგ, რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს – 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან ცხედარს ნათესავები და ახლობლები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ. ირაკლი კვარაცხელიას მშობლები არ ჰყავდა და მისი ნათესავების განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ აფხაზებს ის თავადვე დაემარხათ. გარდაცვლილს 8 წლის შვილი დარჩა. ის მეუღლესთან განქორწინებული იყო. ნათესავები გამორიცხავენ, რომ მას თავი მოეკლა, რადგანაც ის მორწმუნე იყო და ეკლესიაში ცხოვრობდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორ მოკლეს ქართველი გალში, რას ყვებიან ნათესავები – “თავს არ მოიკლავდა, რადგანაც მორწმუნე იყო და ეკლესიაში ცხოვრობდა”.
“მათი თქმით, რადგან კვარაცხელიას სამსახური არ ჰქონდა, ის ოკუპირებულ რეგიონში ციტრუსის კრეფის დროს სამუშაოდ გადაჰყავდათ. მუშაობდა და 600-700 ლარამდე გამოსდიოდა, ის ხურჩიდან გადმოდიოდა. კვარაცხელიას ცხედარი თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზაზეა გადასვენებული და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს საბოლოოდ კი ზუგდიდში ბიძასთან და ბიცოლასთან გადაასვენებენ. რა გახდა რეალურად 29 წლის ქართველის გარდაცვალების მიზეზი და რას არკვევს ქართული მხარე-თვითმხილველთა ინფორმაციით, ცხედარს ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნება, რაც ოკუპანტების მხრიდან, მასზე ძალადობის ფაქტზე მიუთითებს. ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებენ, თუმცა ამ ვერსიის ოკუპანტების გარდა არავის სჯერა. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი მისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება გახდა. თვითმხილველის თქმით, ადგილზე შელაპარაკება მოხდა, ასეთ დროს კი ოკუპანტები ყოველთვის ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან. თვითმხილველები ამბობენ, რომ ირაკლი კვარაცხელია რუსულ ბაზაზე გარდაიცვალა. კვარაცხელია სავარაუდოდ, ზუგდიდში გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფს შელაპარაკება რუს სამხედროსთან მოუვიდა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გალელები “რეზონანსთან” ყვებიან, რომ რუსების მხრიდან ქართველების ფიზიკური შეურაცხყოფა ხშირია. ისინი პატარა შელაპარაკებაზეც კი ცემაზე გადადიან. ვინც მათ დამცირებას იტანს, ისინი სიკვდილს და ცემას გადაურჩებიან, ვინც არა და კვარაცხელიას და ოთხოზორიას ბედს გაიზიარებს. გალელები აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ და მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე როგორც ნივთებს ისე ექცევიან, არანაირი უფლება და პროტესტის გამოხატვის საშუალება მათ არ გააჩნიათ. “თვითმხილველები არიან, რომ რუს სამხედროებთან შელაპარაკება მოუვიდა. ამის შემდეგ დაინახა იქ მყოფმა ხალხმა, რომ რუსებმა მანქანა გამოიძახეს და სულ ცემით ჩასვეს. ბუნკერში ჰყოლიათ დატყვევებული. იმასაც ამბობენ, რომ 11 მარტს რუსულ ბაზაზე ექიმი გამოუძახიათ და ვერ უშველეს. ცემაში შემოაკვდათ, თავში და ზურგის არეში ცემის კვალი ეტყობაო, ასე ამბობენ”, – აცხადებს გალის მცხოვრები. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სრულიად სამართლებრივად საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ ცხედარს არ გადმოგვცემდნენ. თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა და ახლა მთავარია ექსპერტიზის პასუხი, რეალურად რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი”, – განაგრძობს გამოცემა.
“დღეს რაიმე მტკიცებულებით ფორმაში საუბარი არ შემიძლია. ამიტომაც, მისი ცემის ფაქტს ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. ახლა ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა მოხდა… იმედი გვაქს, რომ მისი გარდაცვალების დამადასტურებელ კადრებს გვაჩვენებენ. საუბარია, რომ მისი თვითმკვლელობა იზოლირებულ დაკავების საკანში მოხდა და მათ ამის ამსახველი კადრები აქვთ. იმედი გავქვს, რომ ამ კადრებს გადმოგვცემენ”, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი. ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებული შემთხვევა ძალიან მძიმეა და აჩენს ეჭვს, ხომ არ აქვს ადგილი სუიციდამდე მიყვანის ან მკვლელობის ფაქტს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. “ცხედრის გადმოსვენება მოხდა და შემდეგ ჩატარდება ექსპერტიზა. ბუნებრივია, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და გამოძიება დაიწყება”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია ისევე დამამცირებლად შეეწირა საოკუპაციო რეჟიმს, როგორც ეს არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში მოხდა, ხელისუფლებას მსგავს ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება არ აქვს და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე სიმტკიცეს არ იჩენს”, – დასძენს გამოცემა.
“ძალიან დამამცირებელი ტრაგედია დაგვატყდა თავს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემდეგ, როდესაც თან დაგვცინეს, თან დაგვამცირეს და ისე მოგვიკლეს ვაჟკაცები. არანაირი შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან – გიგა ოთხოზორიას მკვლელი ცნობილია, მაგრამ ისე გადაადგილდება როგორც ჩვენ. ყველაფერზე არიან დამთმობები, იქ სადაც სწორი და სახელმწიფოებრივი მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეთ. მაგალითისთვის ერთი მხრივ ხდება ის, რაც კვარაცხელიას შემთხვევაში – ახალგაზრდა ბიჭი, უბრალოდ მოგვიკლეს და იგივე ოკუპანტებთან, რუსულ “გაზპრომთან” ვაფორმებთ ხელშეკრულებას. ამის გარდა აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის გახსნაზეც ყაბულსაა “ქართული ოცნება”. რა არის ეს, თუ არა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. შეშინებულები არიან დამფრთხლები არიან თუ შეგნებულად აკეთებენ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?”- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა მელია.
“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დამაჯერებელი არ არის, რადგანაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ცემის დროს შემოაკვდათ. მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ მისი მოკვლა არ სურდათ. ამის ნათელი მაგალითი ადგილზე ექიმის გამოძახებაც არის, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. “შეიძლება მოკვლა არ უნდოდათ და ცემის დროს შემოაკვდათ. ამიტომაც ჩამოკიდეს ხეზე, რომ ილუზია შეექმნათ, ვითომ თავი მოიკლა. ყველაზე უკეთესი ვარიანტია, რომ აფხაზებმა თავისი “სიმართლე” დაამტკიცონ, ის არის, რომ ცხედარი მალე გადმოგვცეს და ჩვენც ექსპერტიზის ჩატარების საშუალება გვაქვს. “ჩვენ დე ფაქტო აფხაზეთის პოლიციასთან არანაირი თანამშრომლობა არა გვაქვს და შესაბამისად არც იმის მექანიზმი გვქონდა, რომ გვამის გადმოცემა დაუყოვნებლივ მოგვეთხოვა. ერთი, გალის შეხვედრები იყო და ისიც გაჩერებულია. სამაგიეროდ, ახლა საქართველოში დაემთხვა, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეები იმყოფებიან და მათი ჩართულობით ეს პრობლემა მოგვარდა”, – აცხადებს ზაქარეიშვილი “რეზონანსთან”.
“მისივე განცხადებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩაგდების შემდეგ, ქართულ მხარეს ამ უბედურებასთან საბრძოლველად რომ არანაირი ბერკეტი არა აქვს, გამოჩნდა. მისი აზრით, სამარცხვინო ფაქტი იყო, რომ სიაში ჯერ კიდევ 6 კაცი გარდაცვლილი შეიყვანეს. ზაქარეიშვილის განცხადებით, ამიტომაც სიის მიმართ მსოფლიოში არასერიოზული დამოკიდებულება გაჩნდა და ეს დამნაშავის ჩამდენი პირებისთვის ვერ იქცა სადამსჯელო მექანიზმად. ხელისუფლება მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით ვერ რეაგირებს და მისი ქცევები შეუსაბამოა იმასთან, რაც რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველების წინააღმდეგ ხდება. ეს ყველაფერი კი ოკუპანტებს და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს დაუსჯელობის სინდრომს უჩენს და მსგავსი დანაშაულის ჩადენის რისკებს კიდევ უფრო ზრდის”, – წერს სტატიის ავტორი.