მე ვფიქრობ, “თავისუფალი დემოკრატების” და “ევროპული საქართველოს” ბლოკი მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის თვალში “ევროპული საქართველო”, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გამოეყო, მაინც “ნაციონალურ მოძრაობად” აღიქმება. იმიტომ, რომ საერთო წარსულის მქონენი არიან. ამომრჩევლის თვალში ისინი განიხილებიან იმ წარსულად, რაზეც ყველანი შეთანხმებულები ვართ და ვიცით რაც და იყო, და როგორც იყო”, – აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზაალ ანჯაფარიძე: “თავისუფალი დემოკრატების” ქმედება საკუთარი პოლიტიკური სისუსტის აღიარებაა”.
“იქიდან გამომდინარე, რომ “თავისუფალი დემოკრატები” მთელი თავის არსებობის მანძილზე აცხადებდნენ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებდნენ “ნაცმოძრაობის” გარდა, ახლა აღმოაჩინეს, რომ არცთუ ცუდები ყოფილან ისინი. თურმე რასაც ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ, მისაღები ყოფილა – მათი კომენტარები ამომრჩევლის თვალში დადებით პოზიციას არ დატოვებს. ზოგადად ამომრჩეველი აფასებს თანმიმდევრობას და ასეთ პოლიტიკურ ზიგზაგებს არ მიესალმება. აქედან გამომდინარე და კიდევ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, თუნდაც იქიდან როგორ მოხდა გირგვლიანის თემის შემობრუნება ორპარტიული გაერთიანების წარდგენილი კანდიდატის შალვა შავგულიძის მიერ, დადებით შთაბეჭდილებას არ დატოვებს. მოგეხსენებათ, შავგულიძე გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი იყო, უცებ გამოვიდა ისე, რომ დამნაშავე მხოლოდ მურუსიძეა და არა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებდა ამ ყველაფერზე და რომელზეც სტრასბურგის სასამართლო მიანიშნებდა, გამოდის, რომ თურმე არაფერ შუაში ყოფილა – ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილება შეიძლებოდა გამოგვეტანა შავგულიძის ბოლო განცხადებიდან”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება “თავისუფალმა დემოკრატებმა” იმიტომ მიიღეს, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე იტივტივონ. მათი პარტიის პოლიტიკური აქციები სერიოზულად დაეცა მას შემდეგ, რაც პარტიის ცნობადი სახეები წავიდნენ. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ “ევროპულ საქართველოსთან” მიერთება მათთვის თავის გადარჩენის ერთგვარი საშუალებაა, სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას მათი გაერთიანება, – ერთიანდები სხვა პარტიასთან, როცა თავს არ მიიჩნევ თვითკმარ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც არ შეუძლია ელექტორატის მობილიზება იმისთვის, რომ მინიმუმ შეხვიდე პარლამენტში. მე ვთვლი, ეს არის საკუთარი პოლიტიკური სისუსტის აღიარება.”, – დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე – “ახსენეთ გირგვლიანის თემა, ხომ არ იქნებ ეს გამოყენებული ამ ბლოკის წინააღმდეგ ოპონენტების მხრიდან მუდმივად, ისევე როგორც “9 წელი?” – პასუხობს:
“რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკური დებატები იმართება, მუდმივად ამ თემას შეახსენებენ. გირგვლინის საკითხში მთლიანად სახელმწიფო და მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყო ჩართული თავისი რესურსებით. ეს მხოლოდ მურუსუძეზე გადასატეხი ჯოხი არ არის. მურუსიძე იმართებოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან და იმ დაკვეთას ასრულებდა, რაც მისგან მიიღო. რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” არგუმენტებს, რომ აანალიზებს წარსულ შეცდომებს და ზუსტად იმ გუნდთან შექმნა ბლოკი, ვინც მაშინდელ ხელისუფლებას პრინციპულად უპირისპირდებოდა, – არ ვიცი ვისთვის იქნება ეს დამაჯერებელი და ვისთვის არა, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არ არის დამაჯერებელი. ჯერ ერთი შეცდომები მათ არ უღიარებიათ ღიად და მკაფიოდ! შეცდომების აღიარება არ ხდება ყოფილ ოპონენტთან ბლოკის შექმნით, არამედ ცოტა სხვანაირად – “ევროპულ საქართველოს” ეს არ ესწავლება, მათ ძალიან კარგად იციან, ეს როგორ ხდება.”