ჩემი მხრიდან საუბარი იყო, რომ წელიწადნახევრის მანძილზე, რა პერიოდშიც საკონსტიტუციო სასამართლოში ვმუშაობ, პირადად ჩემ მიმართ ასეთ ზეწოლებს, შანტაჟს ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ტურავამ აღნიშნა, გამომძიებლის შეკითხვები შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში სიტუაციას, ხომ არ ჰქონდა ადგილი პირადად მის მიმართ ზეწოლის ფაქტებს, ასევე შანტაჟს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
მისივე ინფორმაციით, საუბარი იყო ასევე, მისი ახლობლების, ნათესავების მიმართ ანალოგიური ფაქტების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაზეც ტურავამ ამ შემთხვევაშიც უარყოფითი პასუხი გასცა. კითხვები ეხებოდათ ასევე მერაბ ტურავას კოლეგებსაც.
„ჩემს კოლეგებთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან არც ინდივიდუალურ საუბრებში, არც კოლეგიალური შეხვედრების დროს, არასდროს ჩემი თანდასწრებით საუბარი არ ყოფილა არც ერთ ფაქტზე, გარემოებაზე, პიროვნებაზე, რომლის მიმართ შეიძლებოდა რაიმე სახის ზეწოლას ჰქონოდა ადგილი. შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არც ჩემ მიმართ, არც ჩემი კოლეგების მიმართ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ გამაჩნია“, – აღნიშნა მერაბ ტურავამ.
მისივე თქმით, გამომძიებელს ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოში ადგილი ჰქონდა შემოტანილი სარჩელების შეცვლას. იყო შემთხვევა, როდესაც მხარემ შემოიტანა საკონსტიტუციო სარჩელი პარასკევს, ეს სარჩელი არ აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს, მაგრამ კვირის ბოლოს ეს სარჩელი შეიცვალა. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა პროცედურით, რა წესებით, რომელი პრაქტიკით მოხდა შემოტანილი სარჩელის შეცვლა ახალი სარჩელით. ჩემი წარმოდგენით ეს არის სამართალდარღვევა“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.