მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარე VII ს-ის „ბნელა საყდრის “ – სამეკლესიან ბაზილიკას 2019 წლის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ეკლესია მდებარეობს სოფლის დასავლეთით 3-4კმ-ზე, ხშირი ტყით დაფარულ მთაზე. ნაგებობა წარმოადგენს სამეკლესიიან ბაზილიკას (8.7X8.1მ.), ნაგებია რიყის ქვით, ცალკეული არქიტექტურული ელემენტებისათვის შირიმის ქვაა გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთ ეკლესიიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზეც თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს – თითო სწორკუთხა ნიშია. შუა ეკლესიის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღი იყო გადაყვანილი. სატრიუმფო და კამარის საბჯენი თაღების ქუსლებთან თაროსა და დახრილი სიბრტყისაგან შედგენილი კაპიტელებია. სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში ორი კარია გაჭრილი, რომელთაგან ერთი შუა ეკლესიას აკავშირებს ჩრდილო ეკლესიასთან, ხოლო მეორე – საკურთხეველს სამკვეთლოსთან. სამკვეთლოში, აღმოსავლეთ ნაწილში ერთი სარკმელია. ჩრდილო ეკლესიას აღმოსავლეთით სწორკუთხა ამაღლებული საკურთხეველი აქვს. სამხრეთ ეკლესია გრძელია, გეგმით სწორკუთხა, აღმოსავლეთით ერთი სწორკუთხავე სარკმელით. სამხრეთ ეკლესიის სარკმელს ფასადზე კონქისებური შეღრმავება აქვს, ხოლო შუა ეკლესიის საკურთხევლის სარკმლის თაღი დასრულებულია გადანაკეცებიანი რელიეფური ზოლით. ეკლესიის დასავლეთით 20მ-ზე შემორჩენილია კედლის ფრაგმენტები. ადგილობრივი მოსახლეობა მას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიად მოიხსენიებდა, თუმცა, ამჟამად იგი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა.