საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მერაბ ქვარაია ბიუროს სხდომაზე დასასწრებად პარლამენტში მივიდა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის განხილვა არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც აუცილებლად პარლამენტში უნდა შედგეს.
“ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ, პარლამენტი აგრძელებს მუშაობას. ჩვენ ვალდებულებებს შევასრულებთ, რაც გვეკისრება. პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, სამართალდამცავები გააკეთებენ იმას, რაც ევალებათ. პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და არ დავუშვებთ, მის პარალიზებას. ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკაზე, ხვალინდელ დღეზე ვალდებულება გვაქვს ყველას, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციას. არასწორია შეხედულება, თითქოს პროპორციული არჩევნები დემოკრატიულია და შერეული არა. ქვეყანა არჩევნებს შერეული სისტემით ატარებდა და ამ სისტემას ხელისუფლების ცვლილებაც მოჰყოლია. არჩევნები იქნება გამჭვირვალე, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება“, – განაცხადა ქვარაიამ.
