სამარტოო საკანში ადამიანისთვის საპყრობილეში ყოფნას ევროპული სამართალი აღიარებს, როგორც წამების ფორმას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
კითხვაზე, დაესწრება თუ არა სამომავლოდ მერაბიშვილი ოპოზიციის კონსულტაციებს საარჩევნო სისტემის გარშემო, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ამის თქმა ჯერ ადრეა.
„ვერ გეტყვით. საპყრობილეში მან გაატარა ექვსი წელი და ცხრა თვე, თითქმის შვიდი წელი სამარტოო საკანში, რაც ევროპული სტანდარტებით არის წამების ტოლფასი, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ სამარტოო საკანში ადამიანისთვის საპყრობილეში ყოფნას ევროპული სამართალი აღიარებს, როგორც წამების ფორმას, ასე რომ, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. დღეს მან თქვა, რომ დიახ, აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, თუმცა არ უთქვამს, რა ფორმით, რომელ პარტიაში და ა.შ ამიტომ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, თავად მან გამოხატოს საკუთარი სურვილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის მიერ ხელისუფლების დამხობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სიტყვის უკეთ შერჩევა შეიძლებოდა, მაგრამ ვანო მერაბიშვილი დიდხანს იმყოფებოდა საპყრობილეში და შესაძლოა, სიტყვების შერჩევა გასჭირვებოდა.
„უკეთესად შეიძლებოდა შერჩეულიყო ეს სიტყვა, მაგრამ ნებისმიერმა ჩვენგანმა ექვსი წელი და ცხრა თვე რომ გაატაროს სამარტოო საკანში, შეიძლება, სიტყვების შერჩევა გაუჭირდეს. ასე რომ, ცინიზმს, რაც ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების მხრიდან, სამარცვინოს ვუწოდებდი, საკმაოდ მსუბუქად რომ ვთქვა“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.