მსახიობი გიორგი ყიფშიძე, ყოველთვის კომუნიკაბელური, გულახდილი და ენაწყლიანი რესპონდენტია, თუმცა, ბოლო პერიოდში ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს. მის პირად ცხოვრებაში სიახლეა – მსახიობმა მესამედ იქორწინა და სულ მალე წყვილი შვილსაც ელოდება. გიორგის, პირველი ცოლისგან, მოდელ კრისტი ყიფშიძისგან, ულამაზესი ქალიშვილი, ნატალია ჰყავს, მეორე ცოლისგან – ანი ჩიკვილაძისგან – ვაჟი სანდრო, მესამე ცოლისგან, პროფესიით ფოტოგრაფ ანა გასიევასგან კი მესამე შვილს – ბიჭს ელოდება. გიორგი ყიფშიძის რჩეული 24 წლისაა. მსახიობი მესამე მეუღლეზე 20 წლით უფროსია. წყვილმა დეკემბრის თვეში იუსტიციის სახლში ოფიციალურად მოაწერა ხელი, ურთიერთობა და გრძნობა დააკანონა და ქორწილი ვიწრო წრეში, რესტორან „ზაზანოვაში“ გადაიხადა. რადგან გიორგი თავს იკავებს ჟურნალისტებთან საუბრისგან, ჩვენ ანას დავუკავშირდით და ამბები გამოვკითხეთ. ანა საკმაოდ კომუნიკაბელური გოგოა, თუმცა გიორგისგან განსხვავებით, როგორც თავად აღნიშნავს, ლაკონური საუბრით შემოიფარგლება.
– ანა, სად გაიცანით შენ და გიორგიმ ერთმანეთი და როდის დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– შარშანწინ საერთო მეგობარმა სახლში დაგვპატიჟა მეგობრები და მე და გიორგიმ მეგობრების გარემოცვაში გავიცანით ერთმანეთი. ვთვლი, რომ გიორგი, ნიჭიერი და კარგი მსახიობია, თუმცა, სანამ გავიცნობდი, მისი თაყვანისმცემელი არ ვყოფილვარ. რასაკვირველია, პატივს ვცემ და მომწონს მისი შემოქმედება, მაგრამ ამის მიღმა, ჩემთვის იდეალური მამაკაცი და ქმარია. სოციალურ ქსელში წერენ, გიორგი მსახიობ გოგონაზე დაქორწინდაო. მე მსახიობი არ ვარ, პროფესიით ფოტოგრაფი ვარ და ძალიან მიყვარს ეს საქმე.
– სულ მალე შვილსაც ელოდებით. როგორია ამ მოლოდინის განცდა და ბიჭია თუ გოგო?
– ბიჭია და ამ განცდების აღწერა, რასაც მის მოლოდინში განვიცდი, ცოტა რთულია. მგონი, შესაბამისი სიტყვები არ გამოუგონიათ, რომ ზუსტად გადმოვცე, რა ზღაპრული შეგრძნებაა (იცინის). ყველანაირი ბედნიერების ჰორმონები ცოცხლდება და უსაზღვროდ გაბედნიერებს. პატარას 20 თებერვლისკენ ველოდებით.
– თქვენ შორის საკმაოდ დიდი, თითქმის 20-წლიანი, ასაკობრივი სხვაობაა – შენ 24 წლის ხარ, გიორგი კი 42-ის. ეს ურთიერთობასა და ოჯახურ თანაცხოვრებაში დისკომფორტს არ გიქმნით?
– არანაირად. დიახ, ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა თითქმის 20 წელია და არანაირ დისკომფორტს არ ქმნის. ზრდასრული ადამიანები ვართ, გააზრებული
ქმედებებითა და ნაბიჯებით. მთავარი ადამიანში არა ციფრები, არამედ ხასიათი და ცხოვრებისა და ურთიერთობებისადმი მიდგომაა. ამ დროს ასაკობრივი ზღვარი იშლება.
– გიორგი ცნობილი ოჯახის შვილია და მისი საკმაოდ აქტიური პირადი ცხოვრება ყოველთვის იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პრესა, ტელევიზია თუ სოციალური ქსელი, აქტიურად მიმოიხილავდა მის პირად ურთიერთობებს, დაქორწინება–განქორწინებებს. თუ იცნობ მის შვილებს და, როგორი დამოკიდებულება გაქვს მამამთილთან, ზურა ყიფშიძესთან?
– გიორგის არაჩვეულებრივი შვილები ჰყავს. ნატალიასთან ვმეგობრობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ალექსანდრე კი, უსაყვარლესია. რაც შეეხება ზურას, ძალიან კარგი მამამთილია, მეგობრული.
– გიორგის ორი ოჯახი დანგრეული ჰქონდა, ეს არ გიქმნიდა გარკვეულ შიშსა და ეჭვებს, როცა მასთან ურთიერთობა დაიწყე და მისი მეორენახევრობა გადაწყვიტე?
– გიორგი ჩემთვის არის იდეალური მამაკაცი, რომელიც ყოველ წამს მაბედნიერებს. მართლა ბედნიერი ვარ მისით. რასაც წერდნენ, ბევრი ჭორი იყო და გამოგონილი მითი. მაგალითად, ვფიქრობ, რომ გიორგის უყურადღებობა მითია, ის საკმაოდ ყურადღებიანი ადამიანია. რაც შეეხება საქმეებს, გიორგი სულ დაკავებულია, გადარბენებზეა, მაგრამ თითქმის ყველგან ერთად დავდივართ. ასე რომ, გიორგის გარეშე ყოფნას არ განვიცდი, რადგან, ფაქტობრივად, სულ ერთად ვართ. რაც შეეხება ნდობას, მე გიორგის თვალდახუჭული ვენდობი. ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით, არაფერს ვუმალავთ და აქედან გამომდინარე, მისი განვლილი ცხოვრება, მისი წარსულია, ახლა ჩემს გვერდითაა, მე ვენდობი საყვარელ მამაკაცს. როცა ერთმანეთის მიმართ ნდობა აქვს ორ ადამიანს, იქ ეჭვიანობა არ შეიძლება იყოს. დიახ, გიორგის ჩემამდე ორი ცოლი ჰყავდა და ორივე უყვარდა. კიდევ ვამბობ, ეს გიორგის ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რომელიც დაიწყო და დასრულდა.
– ანა, როგორც ვიცი, ცერემონიისა და პომპეზურობის გარეშე, ხელი იუსტიციის სახლში მოაწერეთ და მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეთ. ვინ იყვნენ მეჯვარეები?
– დიახ. ხელი 21 იანვარს მოვაწერეთ, მეჯვარეები კი კისო მანუკიანი, ლუბა ბესსონოვა და გია ქურხული იყვნენ. მოკრძალებული ქორწილი, დაახლოებით, 30-კაციანი, რესტორან „ზაზანოვაში“ გადავიხადეთ. კარგად ვიხალისეთ და გავერთეთ. მთავარია, ორ ადამიანს უყვარდეს ერთმანეთი, ენერგეტიკულად ავსებდნენ და ერთად თავს კომფორტულად გრძნობდნენ. რა იქნება ხვალ, არავინ იცის, მაგრამ იმით უნდა დატკბე, რაც დღეს გაქვს და ვინც დღეს გყავს. მე, გიორგის სახით, მზრუნველი, მოსიყვარულე მამაკაცი მიდგას გვერდით და მინდა, მთელი ცხოვრება, ასე გაგრძელდეს.
– დღეს სად ცხოვრობთ – მარტო თუ გიორგის მშობლებთან?
– ხან ჩემთან ვართ და ხან – გიორგისთან, სადაც თავად მოგვესურვება (იცინის).