სანერვიულო არაფერი მაქვს, თავის დახრას არ ვაპირებ. ღმერთმა დამიფაროს, თავი შევადარო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც 9 აპრილს თავი არ დაუხარეს ნიჩბებს, სიცოცხლე დათმეს და შედეგად ჩვენ ყველანი ვართ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. რა მოსატანია შიში, როდესაც შენი მოწინააღმდეგე ახლა არიან გავრილოვი, კობახიძე, ჩინჩლაძე, მურუსიძე, ივანიშვილი, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას.
გავრილოვის კომენტარი ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ, შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“.
როგორც მელიამ აღნიშნული კომენტარის საპასუხოდ აღნიშნა, „გავრილოვი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“.
„რუსეთის დუმის დეპუტატის გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის, ბატონო სერგეი გავრილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ დასასჯელად. ბევრი, ალბათ სალაპარაკო არაფერია, წილი ნაყარია, ხაზები გავლებული, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი და მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. როდის, თუ არა ახლა. „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რომელ მხარეს დგანან, დგანან გავრილოვების მხარეს, თუ დგანან ანწუხელიძეების, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიების და ეროვნული ღირსების მხარეს“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, მას სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან საზოგადოების მხარდაჭერას გრძნობს.
„ჩემზე ნუ იდარდებთ ბატონებო „ქართული ოცნების“ დეპუტაციან, მართლაც, თუკი სადმე, ოდესმე სანერვიულო არ მქონია, სწორედ ახლა არ მაქვს, რადგან ღირსება, პატივია და ალბათ, ბედისწერაც არის, რომ იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, რომელიც ემსახურება გავრილოვს და მის ხელმძღვანელ პირებს ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქ მოსკოვში. მე სანერვიულო არაფერი არ მაქვს. თავის დახრას არ ვაპირებ. ღმერთმა დამიფაროს, თავი შევადარო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც 9 აპრილს თავი არ დაუხარეს ნიჩბებს, სიცოცხლე დათმეს და შედეგად ჩვენ ყველანი ვართ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. რა მოსატანია შიში, როდესაც შენი მოწინააღმდეგე ახლა არის გავრილოვი, კობახიძე, ჩინჩლაძე, მურუსიძე, ივანიშვილი. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, უზომოდ დიდი ხარისხია სოლიდარობის, ამისთვის ღირდა სიცოცხლე, ამისთვის ღირს ცხოვრება. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, საქართველოს გავრილოვების გარეშე. საქართველოში ვერასდროს წაშლიან ჟიული შარტავას, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ასობით და ათასობით გმირი საქართველოს მოქალაქის ხსოვნას, რომლებმაც თავი დადეს ქვეყნის სიყვარულისთვის“, – განაცხადა მელიამ.