როგორც გავარკვიე და თუ სწორად ვხვდები, „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“ დაუკავშირდნენ გავრილოვს და კომენტარი სთხოვეს. აქ ახლა „ქართული ოცნების“ გარევა რამენაირად თუ შეიძლება, მითხარით. საეჭვოდ ემთხვევა ჩვენი ოპონენტების მოქმედებები და რუსეთის დუმიდან განცხადებები, – ასე ეხმაურება რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონმდებლობას ასრულებს.
„ქართულ ოცნებას“ ხმა მოგვცა საქართველოს მილიონმა მოქალაქემ და ამომრჩეველმა. საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონმდებლობას ასრულებს. თუ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ გააიგივონ საქართველოს მილიონი ამომრჩეველი გავრილოვთან, გააიგივონ საქართველოს კანონმდებლობა რუსეთის დუმასთან, ისინი ძალიან ცდებიან და დიდი ხანია ამ შეცდომაში არიან. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, არავინ, არც ჩვენი ოპონენტები, არც თავად ნიკა მელია, არავინ კამათობს, რომ მელია კანონს არღვევს. მგონი, ყველგან შეთანხმებული აზრია. პარლამენტი ამაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. აქ არაფერი პიროვნული არ არის. ეს სამართლებრივი პროცედურაა. ჩვენ ფორმალურ დონეზე ამ ყველაფერს პასუხს გავცემთ. მე პირადად გამიკვირდა, რომ ქართული ტელევიზიები გავრილოვს დღეს დაუკავშირდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, არავის ბოდიში საჭირო არ არის.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში 20 ივნისი არაფერ შუაშია. საუბარი გვაქვს, რომ აღკვეთის ღონისძიებაა შეფარდებული ნიკა მელიას მიმართ. ეს გირაო ერთხელ უკვე გადაიხადა 2019 წელს, გაიკეთა სამაჯური. შემდეგ, პირველ ნოემბერს, რატომღაც მოისურვა, რომ სამაჯური მოეხსნა და პირდაპირ ქართული მართლმსაჯულებისთვის ესროლა. ამის შემდეგ გირაო დამატებით დაეკისრა. მიეცა შესაბამისი ვადა. პროკურატურა ცდილობდა მიეცა მისთვის შესაძლებლობა, რომ სამართლებრივ ჩარჩოში დარჩენილიყო. მას, როგორც ჩანს, სურს, სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდეს. ქართული კანონმდებლობის დაცვა მე არანაირ უხერხულობას არ მიქმნის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.