„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ნიკა მელიას დღევანდელ კომენტარს პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ჩიგოგიძემ მას გუშინ 6-ჯერ დაურეკა, შეხვედრა სთხოვა და პირობა მისცა, რომ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერდა.
„თურმე მინდოდა შეხვედრა იმის გამოისობით, რომ მე შენ წინააღმდეგ ხმას არ მივცემ და ამის გამოისობით 6-ჯერ დავურეკე ბატონ ნიკას… რატომ, ვალი მაქვს მისი? თუ არ მინდოდა, არ მივცემდი ხმას. რატომ უნდა დამერეკა, ლოგიკა არის ამაში?“, – ამბობს ვასილ ჩიგოგიძე „პუბლიკასთან“.
ვასილ ჩიგოგიძე ადასტურებს, რომ ის გუშინ ნიკა მელიას მართლაც ურეკავდა, თუმცა სხვა მიზნით. როგორც ის „პუბლიკასთან“ ჰყვება, ნიკა მელიასთან საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „მთავარი არხის“ ეთერში მოისმინა მისი განცხადება, რომ „ვასილ ჩიგოგიძე გურიიდან სპეციალურად არ ჩამოდის, რათა პარლამენტში ჩემ წინააღმდეგ ხმა არ მისცესო“.
„ამას რომ მოვუსმინე, გვიანი იყო და არ დავრეკე, მეორე დღეს დავადგინე მისი ნომერი და დავიწყე რეკვა, მივწერე, ვასილ ჩიგოგიძე ვარ და, თუ შეიძლება, დამელაპარაკეთ-მეთქი. მაინც არ აიღო ტელეფონი“, – ამბობს ჩიგოგიძე.
როგორც დეპუტატი „პუბლიკასთან“ ამბობს, ნიკა მელიასთან დაკავშირება მისი ადვოკატის მეშვეობით მოახერხა.
„ადვოკატმა მითხრა, ნიკამ თქვა ვიცი, რომ მირეკავს, მაგრამ ახლა ვერ დაველაპარაკები, მე ვასიკოს დაველაპარაკები მას შემდეგ, როცა ვნახავ ხვალ როგორ მოიქცევაო. მე ვუთხარი მაგასთან მოსაქცევად ან მისაქცევად კი არ ვრეკავ, მე კაცთან მინდოდა საუბარი, იმაზე თუ რა საქციელი იყო რაც მან გუშინ ჩაიდინა, სად გურიაში ვიმალები?! რა მაქვს დასამალი?!“, – აცხადებს ჩიგოგიძე.
ჩიგოგიძის თქმით, მოგვიანებით კიდევ ერთი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ნიკა მელიასთან სატელეფონი საუბარი შედგა:
„დამირეკა და დამიწყო „გავრილოვი…“, „ვინც მხარს დაუჭერს გავრილოვს…“ – მე ვუთხარი, რა შუაშია, ფანჩატურში ხომ არ ხარ… გუშინ ტელევიზორიდან რომ მომმართე და მეუბნები ტაშს დაგიკრავო, რა ტაშს დამიკრავ, შენი პარტიის წევრი ვარ, თუ რა საქციელია ეს-მეთქი და გამითიშა ტელეფონი“, – ამბობს დეპუტატი.
ნიკა მელიამ „რეაქციის“ ეთერში ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვასილ ჩიგოგიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მოგვიანებით ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში აღმოჩნდა – ვასილ ჩიგოგიძეს ამის შესახებაც ვკითხეთ. დეპუტატის თქმით, პარტიაში შესვლა ნიკა მელიამ შესთავაზა და მან ამაზე უარი თქვა.
„ნაციონალებმა“ ორჯერ დამიჭირეს, ორჯერ! მე ვუთხარი, „ნაციონალებთან“ როგორ შემოვალ-მეთქი და ეს უბრალოდ, წინადადება იყო ასეთი; თქვა, აუ, ნეტა ერთად ვიყოთ, მეგობრები გავხდეთ და რაღაც ასეთი სიტუაცია… ამის იქით არ ყოფილა არაფერი“, – ამბობს ჩიგოგიძე.
დეპუტატი ამბობს, რომ ნიკა მელიას არავინ იჭერს და ის ამას თავად განზრახ აკეთებს.
„ახლა თქვა, რომ ჩემს დაჭერას ხელი დააჭირაო, რის დაჭერას, წავიდეს, გადაიხადოს 20 ათასი ლარი საპროცესო და დაჯდეს სახლში. 8-ჯერ მაქვს გადახდილი საპროცესო მაგათი მთავრობის დროს და 15-ჯერ მაქვს კიდევ გადახდილი გარანტიები… არაფრის გულისთვის. არავინ არ იჭერს და ძალით აკეთებს ამას“, – ამბობს ვასილ ჩიგოგიძე.
წყარო: პუბლიკა