უმრავლესობასთან შეხვედრაზე, როცა პოლიტსაბჭოზე გადაწყდა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, წარმოვიდგინე „ქართული ოცნების“ წევრების გახარებული და „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან შეკრებილი ოპოზიციის წაშლილი სახეები. პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
ამასთან სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ როცა პრემიერი თანამდებობიდან მიდის, ამას შეიძლება პოლიტიკური კრიზისი დავარქვათ, თუმცა მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტების სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.
„ამაზე დიდ შოკს ისინი ვერ მიიღებდნენ. ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობა მათთვის. ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომელიც ჩვენი თანამებრძოლია და დიდი გამოცდილება აქვს. ირაკლი ღარიბაშვილთან ყველაზე მეტი მიკამათია და მიჩხუბია, მაგრამ ამავდროულად ვიყავით და ვართ თანამებრძოლები. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან პრინციპული ადამიანია. მას მანამდეც ჰქონდა გამოცდილება, მაგრამ ბოლო წლებში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, მუშაობდა ასოცირების ხელშეკრულებაზე, მართავდა თავდაცვის სამინისტროს. ესაა ის გამოცდილება რაც ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება იმ პრინციპულობასთან ერთად, რაც მას გააჩნია“, – აღნიშნა სუბარმა.