ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის 2010 წლის არის. მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერი ფაბრიკაციას წარმოადგენს.
როგორც მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, ჩანაწერით საზოგადოებაში საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს.
ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, მსგავსი ფაქტი აუცილებლად დასაგმობია.
„ჩანაწერებთან დაკავშირებით უფრო ზუსტად ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის ჩანაწერი. ხაზს ვუსვამ 2010 წლის და არა 2011-2012 წლების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შემოვიდა პოლიტიკაში. არაერთ, შეიძლება ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებით, „კაგებეშნიკურად“, წარსულში მძიმე გამოცდილების მიხედვით დამონტაჟებული.
სამწუხაროდ, საზოგადოებაში ამ მიმართულებით საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს და მასში რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს, დასაგმობია. საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდეს, მათ შორის თქვენი მეშვეობით, რომ მსგავსი ქმედებები, დასაგმობია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.