ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან ძალოვანები და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიური სოციალური კამპანიაც დაიწყო – “ძალა ნდობას”. მიზანი ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. ამ ფონზე რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც შვილიშვილები ბებიას შეურაცხყოფენ, მოხუცს ტირის თოფს ესვრიან. როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ოჯახში ძალადობა დასჯადია, თორემ ამ ვიდეოს საქვეყნოდ არ გამოაქვეყნებდნენ. ცხადია, ამ ფაქტზე ძალოვანებმა ოპერატიულად დაიწყეს გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ბებია შვილიშვილების დასჯას არ ითხოვს. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ შვილიშვილებთან ერთად ისიც თამაშობდა და იმ თოფში ტყვია არ იყო.
მაკა ფერაძე, შს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის, პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი:
– საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად დაიგეგმა ეს კამპანია, რათა მოხდეს თემის აქტუალიზაცია. ხშირად Pპრობლემას აწყდებიან პოლიციელები, როცა მიდიან გამოძახებაზე, მათთან არ თანამშრომლობენ მსხვერპლები და დღეს ეს სერიოზული პრობლემაა.
– ამის მაგალითია აშკარად წყალტუბოში მომხდარი ფაქტი, როცა ბებია აცხადებს, რომ შვილიშვილებს ეთამაშებოდა. ასეთ დროს პოლიციას რა ბერკეტი აქვს მოძალადის დასასჯელად?
– მსგავსი მაგალითი ხშირია, როცა ფაქტი უკვე მომხდარია და პოლიცია მიდის იქ. ერთია, რას დაინახავს პოლიცია დათვალიერებით, მეორეა, რა მტკიცებულებებს წარადგენს სასამართლოში. რაც შეეხება წყალტუბოს ფაქტს, ვიდეო საჯარო გახდა და პოლიცია ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება. იქ ჩანს, რომ ბებიას აშკარად ადგება ფიზიკური ტკივილი. პოლიციამ თავიდან ცემის მუხლით დაიწყო გამოძიება, სანამ არ დადგინდა, რომ ისინი მისი შვილიშვილები იყვნენ. როცა ეს დადგინდა, საქმე გადაკვალიფიცირდა ოჯახში ძალადობის მუხლით და გამოძიება მიმდინარეობს. ბებიამ თქვა, რომ ეს იყო ხუმრობა, ტყვიები არ იყო თოფში და ისიც ეთამაშებოდა შვილიშვილებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ საქმე შეწყდეს. პოლიციელებს აქვთ უამრავი სხვა მექანიზმი, რითაც შეუძლიათ, დამატებით მოიპოვონ მტკიცებულებები.
– ცოლ-ქმარს შორის ძალადობაზე საუბრობენ ძირითადად. მოხუცებზე ძალადობის ფაქტები ხშირია?
– სტატისტიკის მიხედვით, 25-დან 40 წლამდე ასაკის ქალები არიან ძირითადად მსხვერპლები. მათზე მეუღლეები ან მეგობარი მამაკაცები ძალადობენ. ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებიც ხშირია და ასეთი ფაქტების გამოვლენა ჭირს, რადგან ბავშვი ხშირად ვერ აცნობიერებს, რომ მასზე ძალადობენ. ჭირს მოხუცებზე ძალადობის გამოვლენაც, რადგან მათ მისი მარჩენალის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ სურთ. არადა, კანონმდებლობით ყველაფერი განსაზღვრულია. ხშირად მსხვერპლები მოძალადეებთან ბრუნდებიან და მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მათ წასასვლელი არა აქვთ. თუმცა, სახელმწიფო მათ სთავაზობს დახმარებას. არასრულწლოვან შვილებთან ერთად შეუძლიათ, თავშესაფარში მივიდნენ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგის კონსულტაცია და იურიდიული დახმარება.
– ფაქტია, შემაკავებელი ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს. გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა ორდერი გაცემული იყო, მაგრამ მკვლელობა მოხდა.
– შემაკავებელი და დამცავი ორდერი არის ძალადობის შემაკავებელი აქტი. ამით მოძალადეს ეზღუდება გარკვეული უფლებები იმ მიზნით, რომ მსხვერპლის უსაფრთხოება იქნეს დაცული. ეს დამსჯელი მექანიზმი კი არა, დამცავი მექანიზმია. როდესაც შემაკავებელი ორდერი გაიცემა, პირს ეკრძალება ამ პირობის დარღვევა და თუ დაარღვევს, შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა ან შრომაგასწორებითი სამუშაო. თუ ისევ დაარღვევს, მაშინ სისხლის სამართლის კოდექსი ამოქმედდება და მიეცემა პასუხისგებაში. ორდერი არის პრევენციის მექანიზმი და ეს არ არის იმის გარანტია, რომ არ მოხდება მკვლელობა. 100-დან 98 შემთხვევაში ორდერი მუშაობს. შეიძლება 2 პროცენტში ვერ იყოს დანაშაულის დამაბრკოლებელი.
– თქვენი პრაქტიკიდან იქნებ მნიშვნელოვანი შემთხვევა გაიხსენოთ?
– იყო შემთხვევა, როცა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვი ძალადობდა თანატოლებზე. მანდატური სწავლობდა შემთხვევას და როცა ბავშვმა ისევ იჩხუბა თანატოლებთან, დირექტორთან გაიმართა ამ საქმის განხილვა და ამ დროს მანდატურმა ეს ბავშვი გაამართლა, მისი მხარე დაიჭირა. ბავშვი ნდობით განიმსჭვალა მანდატურის მიმართ და საუბარში უთხრა, მე სულ მჩაგრავენ, არავინ მიჯერებს, სახლშიც ასე მექცევიან და ყოველთვის მე ვარ დამნაშავეო. მანდატური მიხვდა, რომ ბავშვს რთული მდგომარეობა ჰქონდა ოჯახში. გაირკვა, რომ სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. მანდატურმა გამოიძახა პოლიცია, საქმეში ჩაერთო სოცმუშაკი და აღმოჩნდა, რომ დედა და ბებია ამ ბავშვზე ძალადობდნენ. დედას შეეზღუდა მშობლის უფლება.
4 შვილის დედამ მოძალადე ქმარს თავი დააღწია
30 წლის ელისო გაბელია 4 შვილს მარტო ზრდის. ახალგაზრდა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და 9 წელი საშინელ ჯოჯოხეთში გაატარა. როგორ დააღწია მან თავი გაუსაძლის ყოფას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ელისო გაბელია:
– აფხაზეთიდან დევნილები ვართ. ჩემს მშობლებთან ერთად სენაკში ვცხოვრობდი, მერე მშობლები თბილისში წამოვიდნენ სამუშაოდ. დედამ მაღაზიაში გამყიდველად დაიწყო მუშაობა. იმ პერიოდში მასთან ქალი მუშაობდა, რომელსაც თურმე რძალად მოვეწონე, გამაცნო თავისი ბიჭი და 3 თვეში ცოლად გავყევი. 16 წლის ვიყავი მაშინ.
ჩემს ყოფილ დედამთილს 4 შვილი ჰყავს, ყველა სხვადასხვა მამაკაცისგან და ეს ბავშვები დედის გვარზე იყვნენ. თავიდან ქმართან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. რამდენიმე თვე დედამთილთან ერთად ვცხოვრობდით. მერე ჩემებმა მითხრეს, რომ მზითევს მომცემდნენ, ავეჯის ნაცვლად მათ ფული გამოვართვი და გლდანის ნაკვეთებში იმ ფულით მიწა ვიყიდე, სადაც პატარა სახლი იდგა. იქ გადავედი საცხოვრებლად. ჩემს მეუღლეს მძიმე ხასიათი ჰქონდა. მარტო რომ გადავედით, მას მერე დაიწყო კონფლიქტები, მაგრამ თავიდან ურთიერთობა გაუსაძლისი არ იყო. მესამე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, სისტემატურად დალევა რომ დაიწყო და პრობლემა ყოველდღე მემატებოდა. მოითხოვდა, მუშაობა დამეწყო და მეც საცხობში დავიწყე მუშაობა. რა პრეტენზიებიც ჰქონდა, ყველაფრის შესრულებას ვცდილობდი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი.
– თვითონ მუშაობდა?
– ძალიან იშვიათად. სულ ჩემს დამცირებას ცდილობდა. შენ არაფერი არ შეგიძლია, სოფლელი ხარო. სექსუალურ ძალადობასაც ჰქონდა ხშირად ადგილი, მაგრამ ვცდილობდი, არ გამეხმაურებინა. ის ქმარია და ყველაფერი უნდა მომეთმინა, ასეთი დამოკიდებულება მქონდა. მეოთხე შვილზე ფეხმძიმედ რომ დავრჩი, უკვე მეც მაიძულებდა, სასმელი დამელია. ახლოს ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები, მაგრამ მეშინოდა, მამასთან კონფლიქტი ექნებოდა და ამიტომ ვდუმდი. თუმცა, მამაჩემი ხვდებოდა და სულ მეკითხებოდა, რამე ხომ არ გიჭირსო. სასმელს რომ დამალევინებდა ძალით, მერე მთვრალს ქუჩაში გამაგდებდა და კარს ჩამიკეტავდა. ფანჯრიდან ვეძახდი, ბავშვებს არ შეეხო-მეთქი.
– შვილებზეც ძალადობდა?
– ბოლო დროს შვილებზეც ძალადობდა, განსაკუთრებით უფროს გოგონაზე. მთელ ღამეებს გარეთ ვათენებდი. ერთ დღეს მითხრა, სახლი შენს სახელზე რომ არის გაფორმებული, ამიტომ მე ვერაფერს ვაკეთებ და სახლი გადამიფორმეო. ვიფიქრე, იქნებ შეიცვალოს-მეთქი და მის სახელზე გადავაფორმე. არც ამან შეცვალა. ბავშვები ბაღში და სკოლაში დამყავდა, სახლთან ახლოს ვმუშაობდი და ჩემი უფროსი ხელს მიწყობდა…
– თავის მოკვლაც სცადეთ?
– რამდენჯერმე. ერთხელ სახლის ეზოში კაკლის ხეზე თოკი ჩამოკიდა და მითხრა, მიდი ჩამოიკიდე თავი, სიცოცხლე რად გინდაო. მართლაც ჩამოვეკიდე. შორიდან მიყურებდა და იცინოდა. ბოლო წუთს ჩამომხსნა. ფსიქოლოგიურად ისე ცუდად ვიყავი და იმდენად ვიყავი მისი გავლენის ქვეშ, რომ მის ყველა სიტყვას ვასრულებდი. შვილებზე ძალადობა რომ დაიწყო, ამას ვერ ვეგუებოდი, ვაპროტესტებდი, მაგრამ სულ ეს ფრაზა მესმოდა, – თუ ამ ამბავს გაახმაურებ, შენც მოვკლავ და ბავშვებსაც მივაყოლებო. მეშინოდა მისი და ხმას ვეღარ ვიღებდი.
– რა იყო ბოლო წვეთი, რამაც ხმა ამოგაღებინა?
– ერთ დღეს მტკვარში გადახტომა გადავწყვიტე, რადგან ამ ჯოჯოხეთს ვეღარ ვუძლებდი. გადამარჩინეს და პოლიციაში აღმოვჩნდი. ოჯახური ძალადობის შესახებ კანონზე არაფერი ვიცოდი. პატრულის თანამშრომელმა პატარა ბროშურა მომცა და მითხრა, ფსიქოლოგს გავსაუბრებოდი. პოლიციელებთან მაშინაც დავმალე მიზეზი. მორიგი კონფლიქტი რამდენიმე დღეში მოხდა. გაბრაზებულმა შუშები ჩაამტვრია და დაზიანება მივიღე, მაშინ გამოვიძახე საპატრულო პოლიცია და მათი მხარდაჭერა ვიგრძენი. მაშინ ვთქვი, რა დღეშიც ვიყავი მთელი 9 წელი და რა ტანჯვა გამოვიარე, ეს უკვე მშობლებსაც ვუამბე. ალბათ ისიც მაჩერებდა მოძალადესთან, რომ არ ვიცოდი, 4 შვილთან ერთად ვის მივდგომოდი.
– დედამთილსაც არ უყვებოდი მომხდარს?
– მასაც არ უნდოდა თავისი შვილი. რომ დავურეკე, მითხრა, როგორც 9 წელი მოუარე, ისე ითმინე, ისე უნდა გააგრძელო და გაუძლო ქმარსო. პოლიციის ჩართვის მერე მოჰყვა, როგორ ვერ იტანდა ქალებს. უმამოდ გაიზარდა, დედამისს ყველა შვილი სხვადასხვა მამაკაცისგან ჰყავდა და მამა ვინ არის, ისიც არ იცოდა. დედამისი ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდა და ეტყობა, ქალის მიმართ ჰქონდა ასეთი აგრესიული დამოკიდებულება. რაც უარყოფითი ჰქონდა, ყველაფერი ჩემზე გამოავლინა. ვუთხარი კიდეც, თუ დედაშენმა დააშავა რამე, მე რა შუაში ვარ-მეთქი? მაშინ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ამ პერიოდში თურმე სასწრაფოდ სახლი დედამისის სახელზე გადააფორმა. ეს ამბავი განქორწინების დროს გავიგე, ასე დავკარგე ჩემი კუთვნილი ქონებაც. საჩივარი რომ დავწერე, ჩვენ ვცხოვრობდით იმ სახლში, მოდიოდა და გვაწიოკებდა, სახლის დაწვაც სცადა. მე და ჩემი შვილები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავით. ყოველდღე პოლიცია იდგა ჩვენს სახლთან. მოითხოვდა, სახლი დაგვეცალა. იძულებულები გავხდით, იქიდან წამოვსულიყავით. დედამისმა მერე სასწრაფოდ გაყიდა ის სახლი. იქიდან რომ წამოვედით, თავშესაფარში ვიყავით. დაკავებულიც იყო ოჯახური ძალადობისთვის, მაგრამ ჯარიმა გადაახდევინეს მხოლოდ. 6 თვე თავშესაფარში გავატარე, მერე ბავშვები ზესტაფონში, ბავშვთა სახლში წაიყვანეს, რადგან წასასვლელი არსად მქონდა. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციამ დამიფინანსა სწავლა და სტილისტობა შევისწავლე, დავიწყე მუშაობა. ბავშვები ზესტაფონიდან თბილისში, ერთ-ერთ თავშესაფარში გადმოვაყვანინე და ყოველდღე ვნახულობდი ჩემს შვილებს. ერთი თვის მერე ბავშვთა სახლიდან წამოვიყვანე. თბილისში მოვძებნე კიდევ ორგანიზაცია, რომელიც ოჯახური ძალადობის კუთხით მუშაობდა და იმათ თავშესაფარში მივიყვანე ჩემი შვილები. საღამოს ვნახულობდი ბავშვებს. ნათესავები მირჩევდნენ, მამისთვის მიმეცა ჩემი შვილები, მაგრამ ამაზე კატეგორიული უარი ვთქვი. ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ჩემი შვილები დამებრუნებინა. სოცმუშაკი არ მატანდა, რადგან პირობები არ მქონდა. პატარა ფართობი მქონდა ნაქირავები, მაგრამ იქ ბავშვები ვერ მიმყავდა. დავდიოდი დევნილთა სამინისტროში, რომ ფართობი მოეცათ ჩემთვის, რადგან დევნილი ვარ, მაგრამ უარს ვიღებდი. გავიგე, რომ გლდანის ყოფილი გამგეობის შენობაში აპირებდნენ დევნილები შეჭრას და მეც მათთან ერთად იქ შევედი. ცარიელი კედლები იყო, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, თავშესაფარი მქონოდა. ოთახში ერთი კარადა იდგა, ის გადავატრიალე და იმაზე მეძინა. ამის მერე მთელი ორი თვე თავდაუზოგავად ვმუშაობდი და დავიწყე ამ ფულით სახლის გალამაზება. არანაირი დახმარება არ მქონდა, მთავრობის ყველა უწყებაში მივდიოდი, შველას ვითხოვდი, მართლა ყველას კართან დავაკაკუნე, ვუხსნიდი ჩემს მდგომარეობას, მაგრამ პასუხი ასეთი იყო, შენნაირი გაჭირვებული ძალიან ბევრიაო. სტილისტის ხელფასი არ იყო ბევრი, ამიტომ დამლაგებლადაც ვმუშაობდი. სახლში პირობები მოვაწყვე ჩემი შვილებისთვის. სხვანაირად არ მატანდნენ ბავშვებს და ამის მერე სახლში წამოვიყვანე ისინი. ახლა ერთად ვართ. პერიოდულად ვმუშაობ და ვცხოვრობ სოციალური დახმარებით. ამ თანხას ვანაწილებ. უფროსი შვილი უკვე 13 წლისაა, პატარა – 7-ის.
– მამა შვილებს ალიმენტს უხდის?
– არა, ერთადერთხელ 400 ლარი ჩამირიცხეს და ამით მორჩა, 5 წელია, არაფერი გადაუხდია. არც შვილებს ნახულობს. მამობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით მივმართე სასამართლოს და დაკმაყოფილდა, მას მამობა ჩამოერთვა. შვილებზე ძალადობას ვერ ვპატიობ. უფროს გოგონას სკოლაშიც აკითხავდა და იქ ბავშვების თვალწინ აყენებდა შეურაცხყოფას, თმას ქაჩავდა. არასოდეს არ უთქვამთ ბავშვებს, მამა მენატრებაო. საშინელი სტრესის ქვეშ იყვნენ. ბავშვები შიშისგან ძილშიც ხტოდნენ. რომ მცოდნოდა ამდენი რამ ჩემს უფლებებზე, რაც ახლა ვიცი, რომ მცოდნოდა, კანონი არსებობდა ოჯახში ძალადობაზე, მასთან არ გავჩერდებოდი და უფრო ადრე წამოვიდოდი იქიდან. ამ წლებმა ჯანმრთელობა შემირყია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვინც დღეს ჩემს დღეშია, მათ ვუთხრა: არ გაჩუმდეთ, ძალიან ბევრი სერვისია დღეს სახელმწიფოში და ისარგებლეთ. თავი დააღწიეთ მოძალადეს!
http://gza.ambebi.ge/