„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებულ გაწევ-გამოწევას და გაუგებრობას, როგორც იქნა დაპირისპირების მთავარი ადრესატი დავით კეზერაშვილი გამოეხმაურა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ არასოდეს ჩარეულა ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა არა აქვს უფლება ხელისუფლების წინააღმდეგ მხარი არ დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას”, – წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით,„კეზერაშვილი ხვდება, რომ მარტო პარტია სააკაშვილის გარეშე არაფერში სჭირდება“ – ვის საბოლოო სიტყვაზეა ენმ-ის ბედი დამოკიდებული?!
„კეზერაშვილი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებასა და მის წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს სოციალური ქსელით ეხმაურება. ამბობს, რომ ამ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთვნენ. „პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არ მაქვს. არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას,“ – წერს დავით კეზერაშვილი. მის განცხადებამდე კი ბოლო ერთი კვირაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. მელიას მიერ პირველ არხთან დავით კეზერაშვილზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, პარტიაში არსებულმა დაპირისპირებამ საჯაროდ გამოჟონა. აღმოჩნდა, რომ 19 სექტემბერს მელიასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც კი მოხდა. სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ მელიას მხარდამჭერ გიორგი სანაიას სახლში პოლიციამ ჩრხეკაც კი ჩაატარა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო”, – აღნიშნავს გამოცემა.
„დაპირიპირება ამით არ ამოწურულა, ახალი ბრალდებები პარტიის ლიდერების მისამართით ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გააჟღერა. ის პეტრე ცისკარიშვილს და ლევან ხაბეიშვილს ადანაშაულებს, რომ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებისთვის თავი არ შეიწუხეს. შესაბამისად ჩნდება კითხვები: როგორ შეიძლება პარტიაში არსებული დაპირისპირება დასრულდეს? დგას თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირას? რა როლის შეტანა შეუძლია მიხეილ სააკაშვილს პარტიის გადარჩენაში? და, ვისი გამარჯვებით შეიძლება ძალაუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა დასრულდეს? როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ დუღილის პროცესი იყო დაწყებეული, ეს ახალი არავისთვის არ არის. მსგავსი პრობლემები მოსალოდნელიც იყო. ეს ადრეც ჩანდა, მაგრამ ასე გამოყოფილად ვინ ვისთან იყო დაპირისპირებული, საჯაროდ აქამდე არ ვიცოდით. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კეზერაშვილის მიერ გამოქვეყნებულმა წერილმა დამატებით სიცხადე შეიტანა. „კეზერაშვილი ამ განცახდებას ასე ჰაერზე არ გააკეთბდა. როგორც ჩანს, მას ენმ-ში მხარდამჭერთა ჯგუფი ჰყავს და ეს ღიად ჩანს კიდევაც. მას უკვე ამ ხალხის სახით პარტიაში საყრდენი აქვს და ჩრდილიდან გამოსვლაც გადაწყვიტა. აქ მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ წერილში კეზერაშვილი ამტკიცებს, მეგობრებს – სააკშვილს და გვარამიას – გასაჭირში არ დატოვებს. ეს მნიშვნელოვანი აქცენტია – კეზერაშვილმა კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძირითადად სააკაშვილის მხარდამჭერების მეშვეობით არსებობს. ანუ, კეზერაშვილი ხვდება, რომ მარტო პარტია სააკაშვილის გარეშე არც არაფერში სჭირდება. ამიტომ მან კარგად იცის, რომ ბევრი რამ ისევ სააკაშვილზე არის დამოკიდებული. პარტიაში მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, ყველა მაინც სააკაშვილის ბოლო სიტყვას ელოდება. მის მხარდამჭერებს მაინც ბოლომდე არ სჯერათ, რომ ის პარტიისგან გამიჯნულია. ამიტომ სანამ მას ეს ნეიტრალური დამოკიდებულება უჭირავს და ბოლომდეე არ ამბობს, ვის მხარესაა და რა დამოკიდებულება აქვს პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე, ენმ-ის დაშლა ჯერ არ მოხდება. აი, როგორც კი სააკაშვილი რამეს იტყვის და თავად დაადასტურებს ან უარყოფს, რომ პარტიას გაემიჯნა, დაშლის პროცესი ამის მერე დაიწყება. თუმცა მისი დამოკიდებულება ჯერ ცნობილი არ არის. ამიტომ მაინც ბოლო სიტყვა მასზე იქნება. ეს კეზერშვილიმა კარგად იცის, ამიტომაც გამოაცხო ასეთი ტექსტი“, – ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. მისივე თქმით, სააკაშვილი შესაძლოა თამაშობდეს და ხელისუფლების მოტყუებას ცდილობდეს. ის ქმნის ილუზიას, რომ პარტიისგან დისტანცირებულია და ამით სურს მთავრობა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებაზე დაითანხმოს. თუმცა არც ხელისუფელბაში, არც პარტიაში და მის ამომრჩეველში ამას არავინ იჯერებს. ამიტომ, ანალიტიკოსს მიაჩნია, პარტიის ბედის გადაწყვეტა მაინც სააკშვილზე იქნება დამოკიდებული”, – დასძენს გამოცემა.
„კიდევ ერთი ანალიტიკოსი, გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ პარტიაში გამარჯვებას ის ჯგუფი მოიპოვებს, ვის მხარესაც უფრო მეტი ფინანსები ექნება – ანუ, ვინ უფრო მაღალ ფსონს ჩამოვა, თემურ ალასანია თუ დავით კეზერაშვილი, პარტიის ბირთვიც გადაწევას იმ მხარეს დაიწყებს. აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ ყველაფერში ასევე კობა ნაყოფიაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც სააკაშვილის მხარეს არის და ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ ჩანს. თუმცა ის ხელს ასე ადვილად პარტიაზე არ ჩაიქნევს. „პარტიის მთავარი ბირთვისთვის რომელი ფინანსური პოლუსი უფრო მიმზიდველიც იქნება, იქით მხარეს გადაბარგდებიან. ბოლო კვირეების განმავლობაში სააკაშვილს თუ დააკვირდებით, ქართულ პოლიტიკაზე საერთოდ არაფერს წერს. გამართული უკრაინულით და ინგლისურით, მხოლოდ ომის მოვლენებზე საუბრობს. მას საერთოდ სხვა არაფერი არ აინტერესებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყოფილ თანაგუნდელებზე მან ხელი, სავარაუდოდ, ჩაიქნია. ამიტომაც ახლა ყველა ძალუფლებისა და გავლენების გადანაწილებისთვის იბრძვის. კეზერაშვილი კი ცდილობს პარტია, მისი ლიდერშიპი და პლუს ტელევიზია ხელსაყრელ ფასად იყიდოს. სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ NDI-ის კვლევების მიხედვით მათი პარტია ერთნიშნა მხარდაჭერით შემოიფარგლება. ეს ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური რეიტინგი საგრძნობლად დავარდა. დაპირისპირების სპირალი იმდენად მზარდია, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ. ვფიქრობ, ენმ-ის დაშლა გარდაუვალი იქნება და ამ პროცესების მხილებლები მალე გავხდებით“, – ამბობს გია აბაშიძე”, – წერს სტატიის ავტორი.