იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა. მინისტრმა ელჩს წარმატებები უსურვა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო-სომხეთს მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება აქვს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სომხეთთან თანამშრომლობა მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.
რატი ბრეგაძემ საქართველოში სომხეთის ელჩთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რასაც ხელს უწყობს მიმდინარე წლის იანვარში საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტი ითვალისწინებს სამართლებრივი მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარებას.
ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელება კი, თბილისში მიმდინარე წლის მაისში გამართული ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი იყო. აღნიშნული ღონისძიება გახდა უნიკალური პლატფორმა გამოცდილების გაზიარების კუთხით. ქართულმა მხარემ ფორუმზე პენიტენციური, სასჯელის აღსრულებისა და პრობაციის სისტემებსა და სერვისების მიწოდების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები წარადგინა. ფორუმის ბოლოს საქართველო-სომხეთის ერთობლივ დეკლარაციას მოეწერა ხელი. დოკუმენტი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.
შეხვედრის დასასრულს, რატი ბრეგაძემ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ელჩთან შეხვედრას, ასევე ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.