ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია.
მისივე თქმით, რესპირატორული ვირუსული ინფექციების გავრცელებას ხელი შეუწყო იმან, რომ მოქალაქეები პირბადეს სისტემატურად აღარა ატარებენ.
„ზოგადად, მომართვიანობა გაზრდილია. ახლა ისეთი სეზონია, როდესაც იწყება სეზონური ვირუსული ინფექციები, განსაკუთრებით რესპირატორული ვირუსული ინფექციები. კორონაინფექციის პერიოდში, ვინაიდან ყველანი ნიღაბს ვხმარობდით, ძალიან ცოტა იყო რესპირატორული ვირუსებით ავადობა. ვინაიდან პირბადის ტარება მხოლოდ კლინიკებში გახდა სავალდებულო, მას აღარ ვხმარობთ, რეგულაციის პირობები აღარ არის დაცული, რესპირატორული ინფექციები ვრცელდება. პირბადე ნებისმიერი რესპირატორული ინფექციისგან გვიცავდა. ამიტომ რასაკვირველია, მომატებული იქნება. ზამთრის პერიოდი მოდის და აუცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენური პირობები. გრიპის სეზონი იქნება ნოემბრიდან“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მაია ჩხაიძის განცხადებით, გრიპის შემთხვევაშიც საუკეთესო პროფილაქტიკა ვაქცინაციაა. მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში უკვე შემოტანილია და ის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია.
„როგორც სხვა ინფექციური დაავადებების შემთხვევაში, გრიპის საუკეთესო პროფილაქტიკაც ვაქცინაციაა. ვაქცინა უკვე შემოსულია. ხელმისაწვდომია გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. ექვსი თვის ასაკიდან მოწოდებულია გრიპის სეზონისთვის მომზადება ვაქცინაციით. ამიტომ შეუძლიათ, ვაქცინაცია ჩაატარონ“, – აღნიშნა მაია ჩხაიძემ.
მაია ჩხაიძემ მშობლებს მოუწოდა, სიცხიანი ბავშვები სკოლებსა და ბაღებში არ გაუშვან.
„მშობელს, რომელსაც ბავშვი ბაღსა და სკოლაში დაჰყავს, არ გაუშვან, როდესაც ცხელება აქვს, რადგან იქ მჭიდრო კონტაქტებია და შემდეგ ხდება ავადობის მატება“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.