“გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება “ცენტრს” მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამაზე პირველი ცნობები ჯერ ჩეჩნურ მედიაში გავრცელდა, მოგვიანებით კი რუსულმა წყაროებმა ორ ვერსიაზე დაიწყეს საუბარი. ნაწილი გათავისუფლებას ადასტურებს, ხოლო ნაწილი წერს, რომ ლაპინმა შვებულება აიღო და დასვენება სჭირდება. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ფაქტი ომის მსვლელობაზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა ნათლად დასტურდება, რომ რუს ძალოვნებში შიდა კლანური დაპირისპირებაა. ამის პარალელურად კი ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელ წერტილად ისევ ხერსონი რჩება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი ვარაუდობს, რომ ოლქის გათავისუფლების ოპერაცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ბუდანოვი გამოცემა „დრაივთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაზე მომზადებული და ბრძოლისუნარიანი რუსული ქვედანაყოფები ამჟამად ხერსონში იმყოფებიან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სად გაქრა რუსების ერთ-ერთი სარდალი და რატომ აყოვნებს უკრაინა ხერსონზე შეტევას.
“ბუდანოვის თქმით, ხერსონში მობილიზებული რუსული ძალების დიდი ნაწილს საჰაერო-სადესანტო ჯარები, საზღვაო ქვეითები და სხვადასხვა სპეცრაზმები შეადგენენ და მათი რაოდენობა დაახლოებით 40 ათასია. ანალიტიკოსთა შეფასებით, უკრაინის ხელისუფლება ხერსონის აღების ვადად ნოემბრის ბოლო იმიტომ დაასახელა, რომ ქალაქის გათავისუფლება სწრაფად ვერ მოხდება და თავისი გათვლებით მოქმედებენ, სადაც ითვალისწინებენ როგორც მოწინააღმდეგისა და საკუთარ შესაძლებლობას კონკრეტულ ოლქში, ისე ამინდს. რუსული გამოცემა “ურა.რუ” თავდაცვის სამინისტროში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გენერალ ლაპინს “დასვენებისთვის დრო მიეცა” და იგი 3 დღით შვებულებაში გავიდა. მათივე ცნობით, წყაროზე დაყრდნობით, ლაპინი შვებულებაში წასვლის შემდეგ მაინც დატოვებს მეთაურის თანამდებობას. სხვა რუსული გამოცემები კი თავის წყაროზე დაყრნობით წერენ, რომ ლაპინი მოხსნილია საარმიო დაჯგუფება “ცენტრის” სარდლობიდან. ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ლაპინი დაადანაშაულა ქალაქ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევასა და ქალაქზე კონტროლის დაკარგვაში. კადიროვი იმასაც წერდა, რომ ლაპინს რუსეთის გენერალური შტაბიდან მფარველობენ. აღსანიშნავია, რომ ლაპინის გადაყენების შესახებ პირველი ცნობა სწორედ ჩეჩნურმა სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ლაპინის გადაყენება ომის მსვლელობაზე არ აისახება, თუმცა ეს ნათლად მიუთიტებს იმაზე, რომ შიდა დაპირისპირებაა. “ეს ომის მსვლელობაზე არანაირად არ აისახება. ლაპინი გადააყენეს როგორც უუნარო, ვინც ეს ოპერაცია ფაქტიურად ჩააგდო, მაგრამ ეს ფაქტი კიდევ ნათლად აჩვენებს იმას, რომ “ეფესბეს” რგოლი, რომელშიც კადიროვია და სამხედროებს ეჭიდავება, წარმატებას აღწევს და პუტინთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე სამხედროები”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, რამზან კადიროვისა და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მფლობელის ევგენი პრიგოჟინის ფლანგმა კარგად იმუშავა და “განტევების ვაცად” ლაპინი გამოიყვანეს”, – დასძენს გამოცემა.
“უკრაინას თავისი ოპერატიული გათვლები აქვს – ძალთა შეფარდება, ბუნებრივი პირობები, საცეცხლე მხარდაჭერის შესაძლებლობები და ა.შ. ამიტომ ხერსონის გათავისუფლება ასე ჩქარა ვერ მოხდება. იქ რუსების დაახლოებით 30-ათასიანი დაჯგუფებაა. შესაბამისად, უკრაინამ მათზე უფრო აღმატებული დაჯგუფება უნდა შექმნას. რამდენად შეძლებს ამას, დრო გვიჩვენებს. როგორც ვიცი, რუსები ხერსონისთვის ბრძოლას აპირებენ, თავდაცვით ნაგებობებს აძლიერებენ. გოსტომელიდან დანაყოფების გაყვანა იმის ნიშანია, რომ არა შეტევისთვის, არამედ თავდაცვისთვის ემზადებიან. მე რომ მკითხო, რუსებს ხერსონი სავაჭროდ სჭირდებათ – რომ დაგითმობთ ხერსონს აღიარეთ ყირიმი და დანარჩენი დაკავებული ტერიტორიებიო”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“როგორც ჩანს, კადიროვისა და პრიგოჟინის დაჯგუფებამ იმუშავა და პუტინი დაარწუნა, რომ ყველაფერში, რაც ხარკოვსა და ხერსონში მოხდა, ლაპინია დამნაშავე. ლაპინი სწორედ ამ მიმართულებით იყო პასუხისმგებელი. როგორც ჩანს, ის “განტევების ვაცად” გამოიყვანეს.. ხერსონიდან სამხედრო-პოლიტიური ადმინისტრაცია გაყვანილია და ფაქტიურად ხერსონს ციტადელად ამზადებენ. როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქუჩის ბრძოლებს თავს არიდებენ, რომ დიდი დანაკარგი არ ჰქონდეთ. ეს უბრალოდ უკრაინელების გეგმაა, რომ ის ოპტიმალური ვარიანტი კიდევ უფრო ეფექტურად შეიმუშავონ, რომ როგორმე ხერსონი გაათავისუფლონ და არა ის, რომ მტერს პირდაპირ შეუვარდნენ, სამხედროები დაახოცინონ და მერე რესურსი აღარ ჰქონდეთ. ასევე მეორე ვარიანტია, რომ შესაძლოა ხერსონი ოპერატიულ ალყაში მოაქციონ. ასევე ბევრი ვარიანტებია. რუსები შეეცდებიან, რომ ეს დრო გამოიყენონ რეზერვებს მობილიზაცია გაუკეთონ და ხერსონისკენ გადაისროლონ, ასევე სხვა ფრონტებზეც გააქტიურდნენ. ანუ რუსებმა ე.წ. შემხვედრი ბრძოლების სტრატეგია შეიმუშავონ. ეს რა თქმა უნდა უკრაინელებმაც იციან. ჩემი აზრით, ხერსონში საკმაოდ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები”, – თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.