თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ჟიურიმ გამარჯვებული ანიმაციური ფილმები გამოავლინა. საქართველოს კინოაკადემიის მიერ სხვადასხვა ნომინაციისთვის დაწესებული ჯილდოები გადაეცათ სტუდენტ რეჟისორებს, მათ შორის – ოთხ ქართველს, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ჟიურიმ, სხვა გამარჯვებულებთან ერთად, გამოავლინა გრან პრის მფლობელი ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი”, რომლის რეჟისორია მარიამ კაპანაძე. ფესტივალი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება დაიხურა ოსკარის მფლობელი ნორვეგიული სტუდიის ახალი ანიმაციური ფილმის, „ტიტინას“, ჩვენებით. ფესტივალის საზეიმო დასკვნით ნაწილს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი 2 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნა ფრანგული ანიმაციური ფილმით „შუმის ოდისეა“. საქართველოში ფესტივალი უკვე მეხუთედ ჩატარდა განახლებული და უფრო მრავალფეროვანი პროგრამით. მან წელსაც, როგორც წინა წლებში, დიდი დაინტერესება გამოიწვია საერთაშორისო ასპარეზზე. ფესტივალის პირველ ეტაპზე 100-ზე მეტი ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის – 2500-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. 18 საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამაზე საჩვენებლად 46 ქვეყნიდან 187 სრულ- და მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩა.
თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის მთავარი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდები და მოზარდები არიან, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლევათ დიდ ეკრანზე ნახონ ბოლო პერიოდში შექმნილი სხვადასხვა ქვეყნის ახალი ანიმაციური ფილმები. წელს ფესტივალმა აუდიტორიას რამდენიმე სექცია შესთავაზა. საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამების გარდა, მაყურებელმა იხილა მსოფლიო კლასიკად აღიარებული ფილმები, გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის ანიმაციურ ნამუშევრებს და დაესწრო ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო დონის რეჟისორთა მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს.
ეს ფესტივალი ერთადერთი საშუალებაა, ნებისმიერი ასაკის მაყურებელი გაეცნოს თანამედროვე, ახალ ანიმაციურ ფილმებს. იგი მიზნად ისახავს თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების და მასთან დაკავშირებული აუდიო/ვიზუალური ხელოვნების სხვა ფორმების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენას, ამ უნიკალური დარგის პოპულარიზაციასა და საქართველოში მისი განვითარების ხელშეწყობას.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა და იგი ონლაინრეჟიმით განაგრძობდა ფუნქციონირებას.
ქართული ანიმაციის ისტორია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მაყურებელს სთავაზობს დასამახსოვრებელ სიუჟეტებს, რომელთა ნაწილი ეროვნული მოტივების გავლენით, ლიტერატურული ნაწარმოებების, ფოლკლორისა თუ ქორეოგრაფიული ელემენტების გამოყენებით არის შექმნილი.
საქართველოში დღესაც არაერთი მაღალი დონის ანიმაციური ფილმი იქმნება, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.