მიმდინარე წლის 20 დეკემბერს მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით გაიმართა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და საჯარო ფინანსების მართვის გენდერულ ჭრილში (GRPFM) შეფასების ანგარიშის ძირითადი მიგნებების და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია.
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მეთოდოლოგია მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოს შეუძლია ობიექტური ინფორმაცია მიიღოს საჯარო ფინანსების მართვაში მიღწევებისა და გამოწვევების შესაფასებლად. ანგარიშის 2022 წლის შეფასება მიუთითებს იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანამ გაიარა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით.
2022 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) გლობალური ანგარიშის მიხედვით, PEFA-ს შეფასებით, საჯარო ფინანსების მართვის მუდმივი გაუმჯობესებით საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს 59 ქვეყანას შორის, რომლებიც შეფასდნენ 2016 წლის მეთოდოლოგიის მიხედვით.
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების შედეგების მიხედვით, წარმოდგენილი 31 ინდიკატორიდან 27 გაუმჯობესდა ან შენარჩუნდა 2018 წლის შეფასებასთან შედარებით. მნიშვნელოვანი პროგრესი განხორციელდა ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვისა და პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით; შემუშავდა და დამტკიცდა მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია.
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საინვესტიციო პროექტების მართვის მიმართულებით; განახლდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი.
გასათვალისწინებელია, რომ პირველად განხორციელდა საჯარო ფინანსების მართვის გენდერულ ჭრილში (GRPFM) შეფასება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული შეფასება მნიშვნელოვანია შემდგომი რეფორმების დასაგეგმად და კონკრეტული ღონისძიებების განსახორციელებლად.
აღსანიშნავია, რომ საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგია ეფუძნება სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასებების შედეგებს.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბატონი ლაშა ხუციშვილი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი კატალინ გერმანი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ საბედაშვილი. ამასთან, შეხვედრაზე დასასწრებად მოწვეულნი იყვნენ, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების, და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.