სასამართლოზე „სილქნეტის“ თანამშრომელმა დაადასტურა, რომ კაბელების პროექტზე ინფორმაცია ორი თვით ადრე ჰქონდათ, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში “კაბელების საქმის“ პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს.
პროკურორის თქმით, ტენდერის პირობები აბსოლუტურად მოერგო “სილქნეტს“.
“არ ვიცი, საჯაროდ რას ამბობენ, მაგრამ სასამართლოზე „სილქნეტის“ თანამშრომელმა დაადასტურა, რომ კაბელების პროექტზე ინფორმაცია ორი თვით ადრე ჰქონდათ. მოწმის ჩვენებით მაისში შეხვედრა ამჟამად მსჯავრდებულ წიფურიასა და კაიშაურთან შედგა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება-ტენდერის პირობები აბსოლუტურად მოერგო “სილქნეტს“.
თავდაცვის სამინისტროსა და კავშირგაბმულობის სპეციალისტებს აქვთ ინფორმაცია, რა რესურსი აქვთ კომპანიებს, პირობები კი ისე დაიწერა, “დელტას“ არ მორგებოდა, რომელსაც, ამ სამუშაოების 90%-ის შესრულება შეეძლო.
2012 წლის ბოლოს “დელტაკომმა“ თავდაცვის სამინისტროს უფასო მომსახურება შესთავაზა, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ემსახურებოდა. ფაქტები, რაზეც დაცვის მხარე ლაპარაკობს, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ: “დელტაკომი“ სს სამინისტროს უფასოდ ემსახურებოდა. რაც შეეხება 80 ათასს, ეს არის ინტერნეტის გადასახადი. ბუნებრივია, კომპანია არ არის მეცენატი და იმ მომსახურებაში, რასაც თავად ევროპიდან ყიდულობს, ანაზღაურება მოითხოვა. ლაპარაკია კაბელების წვერებზე, რომელთაგან 40 “დელტაკომს“ ამ დრომდე არ გამოუყენებია. ამიტომ ეუბნებოდა სამინისტრო, ამ 40 წვერს მოგცემთო. ეს მისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, რასგან შეთანხმების შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას წვერების უსაფრთხოებაზე, დაზიანებისას მის აღდგენაზე,რაც კომპანიისთვის მომგებიანია“, – აცხადებს პროკურორი და აღნიშნავს, რომ ამ შეთავაზების მტკიცებულება არსებობს.
„დელტაკომი“ საკუთარ ბალანსზე არსებულ საკაბელო წვერებს თავდაცვის სამინისტროს დღესაც სთავაზობს“, -აღნიშნავს ზვიად გუბელაძე.
მისი თქმით, მსჯავრდებულებს ამოძრავებდათ მიზანი, რომ ტენდერში “სილქნეტს“ ეხეირა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ “სილქნეტსა“ და მსჯავრდებულებს ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. გვაქვს სატელეფონო ჩანაწერები, ელექტრონული შეტყობინებები, რომლებითაც ირკვევა, რომ ინტენსიური კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან, ისინი ხშირად სტუმრობდნენ აღნიშნულ 5 პირს თავდაცვის სამინისტროში. ჩემი ვარაუდით, ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბების მომენტში წარმოიშვა მიზანიც, რომ გამარჯვებულ კომპანიად “სილქნეტი“ დასახელებულიყო. ეს უკვე მოტივს წარმოადგენს. თუ მაღალჩინოსანი ფინანსურ სარგებელს იღებს, ეს გაფლანგვა კი არა ქრთამია,რაც ბევრად მძიმე დანაშაულია. დანაშაული სახეზეა – თავდაცვის სამინისტროდან 6 მილიონ 700 ათასი ლარი გადარიცხულია, რითაც სახელმწიფოს 4 მილიონზე მეტი ლარის ზარალი მიადგა. ახლა თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტოს, გააუქმებს თუ არა ხელშეკრულებას „სილქნეტთან“. ამასთან, ხელშეკრულებაში პუნქტებია გაწერილი, რა შემთხვევაში შეუძლია სამინისტროს კომპანიასთან შეთანხმების გაწყვეტა. თუ ეს მოხდება, თავდაცვის სამინისტრო კაბელის იმ 24 წვერსაც დაკარგავს, რომელიც 2 მილიონ 600 ათას ლარად შეიძინა“, – აცხადებს საქმის პროკურორი.
პროკურორი: “სილქნეტის“ თანამშრომელმა დაადასტურა, რომ კაბელების პროექტზე ინფორმაცია ორი თვით ადრე ჰქონდათ
2016/05/23 18:34:58
კომენტარები
ნანახია: 1808 ჯერ