საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან, მიმდინარე ანალიზის საფუძველზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა, ასევე, მაღალ დონეზე შეფასდა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ გადაიდგა.
„როგორც იცით, გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პროგნოზი 5.2 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული, იმ გათვლებით, რაც გასული წლის ბოლოს, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას მომზადდა. ამავე დროს, განვაცხადეთ, რომ მოხდებოდა ამ მაჩვენებლის განახლება იმის მიხედვით, როგორი იქნებოდა ეკონომიკური ტენდენციები 2024 წლის დასაწყისში. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ჩვენი პროგნოზებიც ზრდის მიმართულებით შეიცვლება.
მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ასევე, შესწორდა ზრდის მიმართულებით და 5.7 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ინარჩუნებს მდგრად პარამეტრებს ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ვალის, ისე დეფიციტის კუთხით. ასევე, მდგრადია მონეტარული პოლიტიკა – ბოლო 10 თვის განმავლობაში ერთ პროცენტზე დაბალი ინფლაცია ფიქსირდება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების მეოთხე მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმურად ახორციელებს, საქართველოში მუშაობა დაასრულა.
მისიის დასრულების შემდეგ, ეროვნულ ბანკში მედიისთვის ბრიფინგი გამართა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს და კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.