ისრაელში საჰაერო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა. ამის შესახებ „იმედინიუსს“ „ქრონიკის“ სპეციალურმა კორესპონდენტმა, ილანა ჯანაშვილმა უთხრა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობა ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციამ წუხელ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო სივრცე ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან დაიხურებოდა.
ისრაელის თავდაცვით ძალებში გუშინ დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო.
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.
მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
