მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. პროკურატურა დღეს გავრცელებულ განცხადებაში იმედს გამოთქვამს, რომ დეკანოზი პირობას შეასრულებს და გამოძიების ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
”პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე უკვე უზრუნველყოფილია ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება და იმედს ვიტოვებთ, რომ გიორგი მამალაძე შეასრულებს პირობას და გასცემს პასუხებს გამოძიებას, მის მიმართ არსებულ კითხვებზე”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
”საქართველოს პროკურატურამ დღეს საზოგადოებას მიაწოდა ის შუალედური შედეგები, რომელიც არ დააზიანებდა გამოძიების ინტერესებს. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ამ საქმის მიმართ არსებული განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი, თუმცა მიუხედავად ამისა, ვინაიდან გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, გვინდა ყველას მოვუწოდოთ მოთმინებისკენ, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ ვითარებაში ჩაატაროს საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე წარსდგება სასამართლოს წინაშე. ამავდროულად, პროკურატურა პერიოდულად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ”, – აცხადებენ პროკურატურაში.
