შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა როგორ ვითარდებოდა მოვლენები პარლამენტთან.
მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ჰქონდათ შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში გამოეხატათ საკუთარი პროტესტი, თუმცა დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ, რაც პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომა დასასრულს მიუახლოვდა, მათ საკანონმდებლო შენობის გასასვლელები დაბლოკეს, რაც კანონით აკრძალულია.
მან ასევე განმარტა, რატომ და რა სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ სამართალდამცველებს და რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
„საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეები, არამედ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობას. კადრებში კარგად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციისთვის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იყო გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია სამართალდამცველების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა და ნებისმიერი სახის ძალადობა. ყველა ასეთ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა დარახველიძემ.