თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ბარკალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, დაკავებული ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს და მოხდარს ბიზნესინტერესებით ხსნის.
ბრალდებული გელა ბარკალაია და მისი ადვოკატი ზურაბ როსტაშვილი ჯერჯერობით პრესასთან ურთიერთობისგან თავს იკავებენ, თუმცა, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებში რამდენიმე საეჭვო ფაქტი დაფიქსირდა. როგორც გაზეთი “ვერსია” ერთ-ერთ ფაქტზე წერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გელა ბარკალაიას ერთ-ერთმა ქალბატონმა უჩივლა, რომელიც “მათე მოტორსის” ყოფილი თანამშრომელი იყო. ანონიმური წყარო, რომელსაც ერთ-ერთი სააგენტო დაუკავშირდა აცხადებს, რომ ბარკალაიამ ამ ქალბატონს მის კომპანიაში მუშაობა 2012 წელს დააწყებინა და გვერდიდან არ იშორებდა.
“ერთ წელს გელას სტუმრები ჰყავდა დუბაიდან, რომლებიც გოგირდის აბანოში წაიყვანა, თან ეს ქალბატონიც ახლდა. რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც ქალბატონი გელას აშანტაჟებდა. დაახლოებით, ორი წლის წინ, ოჯახის წევრებთან ერთად, ეს ქალი საქართველოდან წავიდა და გელა მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, მისი ადგილსამყოფელი დაადგინა – გაარკვია, რომ რუსეთში ცხოვრობდა. რაღაც ჰქონდა გელაზე ისეთი და ალბათ, ეს ჩანაწერი იყო, რომელიც მან პოლიციაში წარადგინა, თუმცა, რა იყო გადაღებული ამ ვიდეოზე და რა ურთიერთობა ჰქონდათ, ზუსტად ვერ ვიტყვი”, – აცხადებს ანონიმური წყარო გაზეთ “ვერსიასთან” ინტერვიუში.
