მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ე.წ. ციანიდის საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის „რაიმე სახით ფიგურირებას“ უარყოფს.
”გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება ერთი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ეს არის ბრალდებული გიორგი მამალაძე. მას შესაბამისი მუხლით წაყენებული აქვს ბრალი. ამდენად მე სხვა პიროვნებებზე რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, ვინადან საქმეში სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, აქვს თუ არა მოწერილი ხელი პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობაზე, რაზეც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მსგავსი საპროცესო მოქმედება პროკურატურის მხრიდან ჩატარებული არ ყოფილა.
