აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემისათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის, ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, საგანმანათლებლო სივრცეში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.
აკადემიის რექტორი,
ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე
ეროვნული თავდაცვის აკადემია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს.
განვითარებული, წარმატებული, მაღალი ზნეობრივი შეგნების და უმაღლესი განათლების მქონე ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბება კი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ძირითადი პრიორიტეტია – აღნიშნავს აკადემიის რექტორი. ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ 2018 წლიდან სწრაფი ტემპით დაიწყო ინსტიტუციური განვითარება. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქვეყნის განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება – ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი სტანდარტების დანერგვა. როგორც ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, აკადემიისთვისაც აღნიშნული სიახლეები გარკვეულ გამოწვევებს წარმოადგენდა, რომლებიც უმოკლეს ვადებში წარმატებით დაძლეულ იქნა.
2019-2020 წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ. COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში სწავლება გაგრძელდა დისტანციურ რეჟიმში. აკადემია ამ გამოწვევასაც მომზადებული შეხვდა: უზრუნველყო თითოეული იუნკერი (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი) და მსმენელი (სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელი) საჭირო ძირითადი და დამხმარე საშუალებებით, შექმნა ყველა პირობა, რამაც მათ საშუალება მისცა შეუფერხებლად დასწრებოდნენ დისტანციურად ჩატარებულ ლექციებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდში აკადემიაში დაინერგა სწავლების ახალი სისტემა (3+1), რაც გულისხმობს იმას, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში იუნკერები სწავლობენ სამოქალაქო სპეციალობის ძირითად და არჩევით სასწავლო კურსებს, რომლის პარალელურად მათ აქვთ სამხედრო აქტივობები, ხოლო ბოლო მეოთხე სასწავლო წელი მთლიანად დატვირთულია სამხედრო მიმართულების თეორიული და პრაქტიკული სასწავლო პროგრამებით. ამ სისტემის ამოქმედებამ სასწავლო პროცესი ბევრად უფრო მოქნილი გახადა, ხელი შეუწყო სამხედრო და სამოქალაქო სასწავლო კომპონენტის მაქსიმალურად ხარისხიანად შესწავლას.
დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური და სამხედრო მიმართულებების ინტეგრირებული პროგრამები, კვალიფიციური აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სამხედრო ინსტრუქტორები, მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები მაღალი დონის სამხედრო და სამოქალაქო განათლების მიღების მყარ წინაპირობას ქმნის – ეს ყველაფერი აკადემიის რექტორის და პირადი შემადგენლობის დაუღალავი შრომის შედეგია. აკადემიის უნიკალურ სერვისებზე, ინფრასტრუქტურასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე სასაუბროდ ქალაქ გორში, აკადემიის ბაზაზე ვეწვიეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძეს.
აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მუდმივად დგას გამოწვევების წინაშე. ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, უპირველეს მიზანს წარმოადგენს აკადემიის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან. ასევე, იუნკერებისა და მსმენელებისათვის ისეთი სახის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიცემას, რაც დააკმაყოფილებს თავდაცვის სისტემაში არსებულ საჭიროებებს.
აკადემიისათვის უმნიშვნელოვანესია ღირსეული სამხედრო ლიდერების მომზადება. ყველა კურსდამთავრებულს უნდა გააჩნდეს ლიდერისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები და სამხედრო მომზადების ისეთი დონე, რომელიც განაპირობებს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მათ კონკურენტუნარიანობას. ჩვენ ვახორციელებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აკადემიის ყველა კურსდამთავრებული იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის. უზრუნველვყოფთ, რომ იუნკერები/მსმენელები იყვნენ პროგრესულად მოაზროვნე, სამხედრო ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებებითა და საჭირო ცოდნით აღჭურვილნი. მათ უნდა გააჩნდეთ მზაობა მშვიდობიანობის დროს, საომარ მდგომარეობასა და კრიზისულ ვითარებაში მართონ შესაბამისი ზომის ქვედანაყოფები. აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ, რომ იუნკერებს/მსმენელებს გააჩნდეთ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პერსონალისთვის განსაზღვრული სამხედრო მომზადების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
სამხედრო მომზადების დონის ამაღლებისთვის ჩვენ ვახორციელებთ აკადემიაში არსებული სამხედრო დისციპლინების (ტაქტიკა, სამხედრო ტოპოგრაფია, საცეცხლე მომზადება და ა.შ. ასევე სამხედრო-მხარდამჭერი სასწავლო კურსები) მაღალხარისხიან სწავლებას თავდაცვის ძალების მოთხოვნების შესაბამისად. ხსენებულ პროცესში მთავარი ორიენტირია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განახლება, თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინება.
გარდა თეორიული სწავლებებისა, ხელს ვუწყობთ იუნკერთა/მსმენელთა სამხედრო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების უფრო მეტად განვითარებას. ასევე, ვგეგმავთ იუნკერ/მსმენელებისთვის ერთობლივ საველე სწავლებებს/გასვლებს მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, რომლებსაც აქვთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ განხორციელებულ საერთაშორისო სამხედრო წვრთნებსა და სხვადასხვა მისიებში მონაწილეობის გამოცდილება. ხსენებული საველე სწავლებებისა და კურსების განხორციელების პროცესში ქმედითად იქნებიან ჩართულნი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობები, რომლებიც თავიანთ ცოდნას, გამოცდილებას გაუზიარებენ აკადემიის იუნკერებსა და მსმენელებს.
აკადემია ბოლონიის პროცესის მიზნების მისაღწევად წარმატებით ახორციელებს: სწავლა/სწავლების ხარისხის მუდმივ განვითარებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უწყვეტ თანამშრომლობას, იუნკერების/მსმენელებისა და აკადემიის პირადი შემადგენლობის გაცვლით პროგრამებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამჟამად აკადემიაში მოქმედებს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმამათლებლო პროგრამები: თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევების, სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო და ინფორმატიკის, მენეჯმენტის, თავდაცვა და უსაფრთხოების, მექანიკის ინჟინერიის, საავიაციო ინჟინერიისა და სამართლის. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ აკადემიის უნიკალური საგანმანათლებო სისტემის ერთ-ერთი საფუძველი მისი სამაგისტრო პროგრამებია, რომელიც საჯარო მოხელეებს საშუალებას აძლევს უფასოდ მიიღონ უმაღლესი კვალიფიკაციის განათლება. წლევანდელი – 2024-2025 აკადემიური წლიდან კი, აკადემიის რექტორის ინიციატივით, სამაგისტრო პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური საფასურის გადახდის შემთხვევაში სწავლა არასაჯარო მოხელეებსაც შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა ორი სამაგისტრო და სამი საბაკალავრო პროგრამა. 2024-2025 სასწავლო წელს კი, აკადემია პირველად განახორციელებს იუნკერების მიღებას საავიაციო ინჟინერიის და სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე. აკადემიაში ფუნქციონერებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაც, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენის იმ დონეზე შესწავლას, რომ მათ სწავლა გააგრძელონ საბაკალავრო პროგრამებზე. აკადემიაში არსებული ყველა პროგრამა სრულად აკმაყოფილებს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ არსებულ შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მოთხოვნებს.
2022 წელს აკადემიამ წარმატებით გაიარა რეავტორიზაცია. ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტირებულია საგანმამათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. აკადემიის განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალხარისხიანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, რისთვისაც აკადემიაში შექმნილია და წარმატებით ფუნქციონერებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მან არაერთი საერთაშორისო, შიდა კონფერენცია და კვლევითი პროექტი განახორციელა. ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში აკადემიაში ათობით სამეცნიერო კონფერენცია და კვლევითი პროექტი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც იუნკერებმა და აკადემიურმა პერსონალმა, ასევე აკადემიის სამხედრო და სამოქალაქო პირებმა. აკადემიის რექტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო კონფერენციებზე, სადაც ჩართულები არიან აკადემიის პარტნიორი საზღვარგარეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლები ა.შ.შ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სამეცნიერო კვლევების მაღალხარისხიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად აკადემიას წვდომა აქვს 12 საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე და ისეთ ელექტრონულ ბიბლიოთეკებზე როგორებიც არის: კონგრესის ბიბლიოთეკა, ელექტრონული ბიბლიოთეკა პროექტი ,,გუტენბერგი”, „ookyards“, „Scribd“, „Digital Library of Science“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა და სხვ.
ამჟამად ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოპოვება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესება, დისტანციური სწავლების ცენტრის განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, იუნკერთა/მსმენელთა სამხედრო მომზადების დონის ამაღლება და მათთვის ახალი კურსების დამატება. პრიორიტეტულად მიიჩნევა არსებული ერთობლივი საერთაშორისო პროგრამების მუდმივად განახლება და უკვე არსებული კულტურულ-შემეცნებით სივრცეების განახლება.
საუბრის დროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იუნკერების/მსმენელების და პირად შემადგენლობის სოციალურ მხარდაჭერასა და შეთავაზებულ სერვისებზე. იგი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პირადი შემადგენლობის განვითარებაზე, რისთვისაც აკადემია გეგმავს განახორციელოს პირადი შემადგენლობის პროფესიული განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღონ საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაგეგმილ, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა ღონისძიებებში.
აკადემიის ხელმძღვანელი საუბრის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იუნკერთა და მსმენელთა ისეთ სასწავლო პლატფორმებზე, როგორებიც არის ILIAS და Moodle. აღნიშნული პლატფორმები ემსახურება იუნკერებსა და მსმენელებს, სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრს, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლას. სასწავლო-საგანმანათლებლო პლატფორმებზე განთავსებულია სილაბუსით გათვალისწინებული სასწავლო მასალა და დამატებითი ლიტერატურა, რომელსაც განათავსებენ პროფესორ-მასწავლებლები. აღნიშნულ პლატფორმებზე ასევე, განთავსებულია ინფორმაცია მიმდინარე გაცვლითი პროგრამების შესახებ, იურიდიული დოკუმენტაცია, სტიპენდიის კრიტერიუმები, სასწავლო გეგმა-კალენდარი, ელექტრონული ბიბლიოთეკის ბაზების ბმულები, ოფიცერთა განვითარების მოდელები და სხვ. აღნიშნული პლატფორმა ხელს უწყობს იუნკერებსა და მსმენელებს დროულად მიიღონ ყველა ის ინფორმაცია, რაც საჭიროა სასწავლო პროცესის მაღალხარისხიანად წარმართვისთვის.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აკადემია მსმენელებსა და იუნკერებს სთავაზობს ისეთი უნიკალური სერვისებით უზრუნველყოფას, როგორებიც არის: თავდაცვის ძალებში 100%-იანი დასაქმება; საცხოვრებლით, უფასო კვებით, აღჭურვილობით და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მატერიალური და ყველა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფა; სწავლების საფასურის სრულად დაფინანსება და აკადემიაში სწავლებისას – პირველიდან მესამე კურსის ჩათვლით ფიქსირებული სტიპენდია 320 ლარი, რომელიც იზრდება აკადემიური მოსწრების პროპორციულად და წარჩინებული იუნკერის სტიპენდიაა 620 ლარი, ხოლო მეოთხე კურსზე ფიქსირებული 1200 ლარი, დონალდ რამსფელდის სახელობის და მუნიციპალიტეტების-მერიების სხვადასხვა სახის სტიპენდიებით, პერსონალური ლეპტოპით და კორპორატიული ნომრებით უზრუნველყოფა; ეროვნულ და საერთაშორისო ბიბლიოთეკების ელექტრონულ და მატერიალურ ლიტერატურაზე წვდომა; სწავლების 50%-ით დაფინანსება შემდგომ საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლის პროცესისა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; აკადემიის დისტანციურ სწავლების ცენტრში შექმნილ ონლაინ კურსებს, საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში, სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელი და პროფესიული უნარ-ჩვევების განმავითარებელი კურსების/პროგრამების გავლას. აგრეთვე მსმენელების/იუნკერების, პირადი შემადგენლობის/თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას და საჭიროების შემთხვევაში, ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად ფინანსურ დახმარებას.
აკადემიის რექტორი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს აკადემიის უნიკალურ ინფრასტრუქტურაზეც. ძნელია არ დაეთანხმო რექტორს, რადგან აკადემიას მართლაც უნიკალური ინფრასტრუქტურა და სწავლისთვის საჭირო მატრიალურ-ტექნიკური ბაზა გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში აკადემიაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება-კეთილმოწყობისათვის. აკადემიის მთლიანი ბაზა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს სრულად ისარგებლონ აკადემიის მიერ შეთავაზებული სერვისებით.
აკადემიის ბაზის უსაფრთხოების უფრო მეტად უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი საორგანიზაციო და ინფრასტრუქტურული პროექტები. აკადემია არის ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლო დაწესებულება, სადაც ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სრულად არის ადაპტირებული იმისათვის, რომ იუნკერ/მსმენელებმა მიიღონ როგორც მაღალხარისხიანი სამხედრო, ისე უმაღლესი აკადემიური განათლება.
აკადემიაში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს ისეთი უნიკალური სამხედრო აუდიტორიები როგორებიც არის: საცეცხლე, სამხედრო-ტოპოგრაფიის, სამხედრო-კავშირგაბმულობის, სამხედრო-ტაქტიკური, სამხედრო-საინჟინრო, სამხედრო-სამედიცინო. აგრეთვე ფიზიკის და ქიმიის ლაბორატორიები, ელექტროტექნიკის, საინჟინრო, ინოვაციების, იმიტირებული სასამართლო სხდომის დარბაზი, იარაღის ევოლუციის, ერეკლე მეორეს, მხედართმთავრების, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, მარო მაყაშვილის და კიდევ არაერთი მსგავსი სასწავლო-შემეცნებითი სივრცე, რომლებიც იუნკერთა და მსმენელთა ზოგადი ცოდნის და მოტივაციის ამაღლების მიზნით არის შექმნილი. თავისი არსით თითოეული მათგანი მცირე მუზეუმს შეგვიძლია შევადაროთ.
სასწავლო-შემეცნებითი სივრცეების ასეთი სიუხვის მიუხედავად, აკადემიის რექტორი პირად შემადგენლობასთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი სივრცეების შესაქმნელად. დაგეგმილია თავდაცვის ძალების ისტორიის და განვითარების, ქართული სამხედრო არქეოლოგიის, საქართველოს სამხედრო ერთეულების და ფორმირებების, საქართველოს კონსტიტუციის კაბინეტების მოწყობა. გარდა აღნიშნული სასწავლო-შემეცნებითისა, აკადემიაში არაერთი სამხედრო მიმართულების სასწავლო სივრცეც დავათვალიერეთ. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ რამდენიმე მათგანი, მაგალითად: ღია და დახურული დაბრკოლებათა ზოლი, საინჟინრო დაბრკოლებათა ველი, რეალური და ვირტუალური ტირი, სიმუალაციური სასროლი სივრცეები, პეინტბოლის დარბაზი და სხვ. ისინი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გაზარდოს მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი ოფიცერი.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებში უწევთ აკადემიაში ცხოვრება იუნკერებსა და მსმენელებს, რადგან მათთვის მხოლოდ ერთი საზრუნავი უნდა არსებობდეს – ეს არის მაღალხარისხიანი სწავლა“ – აღნიშნავს რექტორი და გვათვალიერებინებს მართლაც უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილ საცხოვრებელ და რეკრეაციულ სივრცეებს.
აღსანიშნავია, რომ რექტორს იუნკერებისა და მსმენელების სწავლის გარდა, არც მათი დასვენებისა და განტვირთვის პროცესი დავიწყებია. სწორედ ამისთვის აკადემიაში შექმნილია რეკრეაციული ზონები, სადაც იუნკერებს თავისუფალ დროს შეუძლია დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული თუ კულტურულ-სახელოვნებო აქტივობებით. აკადემიის ბაზაზე ფუნქციონერებს არაერთი სპორტული დარბაზი – ტრენაჟორების, ჭიდაობის და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილი საცურაო აუზი, სადაც იუნკერები სავალდებულო სასწავლო დისციპლინის ფარგლებში სწავლობენ ცურვას და თავისუფალ დროს, განტვირთვის მიზნითაც სტუმრობენ აუზს. აკადემიაში სპორტული აქტივობებისათვის ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარბენი ბილიკი, ფეხბურთის და რაგბის სტადიონები. აღსანიშნავია, რომ სპორტული აქტივობები ამით არ მთავრდება, აკადემიაში სისტემატურად ტარდება ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში როგორც იუნკერთა და მსმენელთა, ასევე პირადი შემადგენლობის მონაწილეობით.
გარდა სპორტული აქტივობებისა, აკადემიაში ფუნქციონერებს იუნკერთა თეატრალური დასიც, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათი კულტურულ-შემოქმედებითი განვითარების თვალსაზრისით – გვიამბობს აკადემიის ხელმძღვანელი და აღნიშნავს, თუ რამდენად პროფესიონალურად დგამენ იუნკერები სპექტაკლებს ისტორიულ თემებზე. ამ სპექტაკლებიდან იგი განსაკუთრებით გამოარჩევს ორს – ,,იუნკერებსა“ და ,,დავით აღმაშენებელს“.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, აკადემიის რექტორი არ წყვეტს ზრუნვას იუნკერთა და მსმენელთა დასვენებასა და განტვირთვაზე. ამისათვის აქტიურად მიმდინარეობს ღია რეკრეაციული სივრცის მოწყობა, სადაც უკვე აღმართულია საქართველოს უდიდესი მეფის – დავით IV აღმაშენებლის ძეგლი, დარგულია ათობით ულამაზესი დეკორატიული ხე-ბუჩქი და ამჟამად მიმდინარეობს ხელოვნური ტბის მოწყობა.
აკადემიის რექტორს იუნკერთა და მსმენელთა სულიერებასა და პატრიოტულ მოტივაციაზე ზრუნვაც არ დავიწყებია. აკადემიის ბაზაზე აიგო წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია. ეკლესიაში მსახურებას აღასრულებს აკადემიის კაპელანი, რომელიც სისტემატურად ხვდება იუნკერ-მსმენელებს და ესაუბრება მათთვის საინტერესო რელიგიურ თემებზე.
რექტორის პრიორიტეტებს შორის, ცხადია, გახლავთ აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია. იგი იმ უპრეცედენტო აქტივობების შესახებ გვიამბობს, რაც ბოლო წლებში ხორციელდება. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აკადემიის იუნკერების, მსმენელების და პირადი შემადგენლობის ვიზიტები სკოლებში. აღნიშნული ვიზიტების დროს ხდება აკადემიის უნიკალური ინფრასტრუქტურის, სერვისების, საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის. ასეთი სახის პრეზენტაციები უკვე წლებია ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობას. იმ სკოლებში, სადაც აკადემიის შესახებ პრეზენტაცია უშუალო ვიზიტით ვერ ხორციელდება, აღნიშნული აქტივობა ტარდება დისტანციურად, პლატფორმა „Teams”-საშუალებით. ამ თემაზე საუბრისას რექტორი დამატებით აღნიშნავს, რომ აკადემიაში სისტემატურად ხორციელდება სკოლის მოსწავლეების გაცნობითი ხასიათის ვიზიტები. მოსწავლეებს საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ აკადემიის ინფრასტრუქტურას, სერვისებს, საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღონ პასუხები მათთვის ყველა საინტერესო კითხვაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სხვადასხვა ტელეკომპანიებში სისტემატურად კეთდება სატელევიზიო რეპორტაჟები, რაც ხელს უწყობს აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და მის პოპულარიზაციას.
მართლაც შეუძლებელია არ შევამჩნიოთ უპრეცენდენტო განვითარებისა და პროგრესის სწრაფი ტემპი, რომელიც ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა. ეს უკანასკნელი კი, აკადემიის ახლანდელი ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის დამსახურებაა.
„ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვჩერდებით მიღწეულ შედეგებზე, მუდმივად ვზრუნავთ აკადემიის საქმიანობის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს პოტენციალი და აქედან გამომდინარე, ამბიცია ვიყოთ რეგიონში ყველაზე წარმატებული და უკონკურენტო უმაღლესი სამხედრო სასწავლო დაწესებულება. დარწმუნებული ვარ, რომ დასახულ მიზანს ჩვენი დაუღალავი შრომის, თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების ჩვენდამი განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და უპრეცენდენტო მხარდაჭერით აუცილებლად მივაღწევთ“ – აღნიშნავს აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და რაზეც კიდევ ერთხელ მადლობას უხდის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას აკადემიის სახელით.