ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა და რუსეთი, ყატარის შუამავლობით, 13 ბავშვის გაცვლას გეგმავენ.
ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა.
„ერთ-ერთმა უცხოურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, ყატარმა უკრაინასა და რუსეთს შორის ბავშვების გაცვლის შესახებ შეთანხმების დადება დაადასტურა. სინამდვილეში, ასეთი ხელშეკრულებისთვის ხელი არავის მოუწერია. ეს აშკარად რუსული ნარატივების პოპულარიზებას ემსახურება“, – წერს ლიუბინეცი.
ომბუდსმენის თქმით, ყატარი მოქმედებს როგორც შუამავალი უკანონოდ დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხში, „რისთვისაც მისი ძალიან მადლობელი ვართ“.
„ამასთან, უკრაინას არ გაუტაცებია და არ დაუკავებია რუსი ბავშვები საკუთარ ტერიტორიაზე და ხელს არ უშლის რუსეთში მათ დაბრუნებას, თუ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე არიან. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არ ითვალისწინებს ისეთ პროცესს, როგორიცა ბავშვების გაცვლაა. რა დონის ცინიკოსები უნდა ვიყოთ, უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მიზნით, მტერს ასეთი მექანიზმი რომ შევთავაზოთ? ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – წერს კომისარი.
ლუბინეცმა მოუწოდა უკრაინელ და უცხოელ ჟურნალისტებს, „მორიგი რუსული პროპაგანდა არ გაავრცელონ და ინფორმაციების დასაზუსტებლად, ოფიციალურ წყაროებს მიმართონ“.
მანამდე ფრანგულმა გაზეთმა „ლე ფიგარომ“ დაწერა, რომ ყატარმა უკრაინასა და რუსეთს შორის 13 ბავშვების გაცვლის შესახებ მისი შუამალობით მიღწეული შეთანხმების არსებობა დაადასტურა.
უკრაინის შეფასებით, 20 000 უკრაინელი ბავშვი „დეპორტირების ან იძულების გზით არის გადაყვანილი“ რუსეთში, თუმცა, მათი საერთო რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს, რადგან ეს მაჩვენებელი მხოლოდ ოფიციალურად იდენტიფიცირებულ ბავშვებს გულისხმობს. კიევის ცნობით, ამ დროისთვის სამშობლოში მხოლოდ 400-მდე მათგანია დაბრუნებული.
რა არის ცნობილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული პუტინის დაკავების ორდერის შესახებ
2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. ისინი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და რუსეთის ტერიტორიაზე მათ გადაყვანაში არიან ეჭვმიტანილები.
თუ ისინი რუსეთის ტერიტორიას დატოვებენ და იმ ქვეყნებში ჩავლენ, რომლებიც ICC-ის წევრები არიან და რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს, ისინი უნდა დააკავონ და სასამართლოს გადასცენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ICC-ის მიერ პუტინის დაკავების შესახებ გაცემულ ორდერს „რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, რადგან ქვეყანა რომის სტატუტის მონაწილე მხარე არ არის და შესაბამისად, არ არის ვალდებული, ICC-ის გადაწყვეტილებები შეასრულოს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა კი აღნიშნა, რომ ICC-ის მიერ გაცემულ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.