რამდენიმე ათეული უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე წვრთნებს გადიოდა, გაიქცა და აღარ დაბრუნებულა. ინფორმაციას ფრანგული სააგენტო AFP საფრანგეთის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, ეს მოვლენა მასობრივი არ ყოფილა. საფრანგეთის არმიის მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინელებს შორის „დეზერტირების გარკვეული რაოდენობა იყო, თუმცა მათი რიცხვი ძალზე უმნიშვნელოა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენმა ადამიანმა გაიარა გადამზადება“.
„ისინი ფრანგულ ყაზარმებში იყვნენ. მათ გასვლის უფლება ჰქონდათ“, – აღნიშნა საფრანგეთის არმიის წარმომადგენელმა.
სააგენტოს მტკიცებით, საფრანგეთში 155-ე მექანიზირებული ბრიგადა „ანა კიევსკაია“ გადიოდა გადამზადებას. ის ახლა უკრაინის აღმოსავლეთში პოკროვსკის მიმართულებაზე იბრძვის.
დეკემბრის ბოლოს უკრაინელმა ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა პირველმა განაცხადა, რომ ზემოხსენებულ ბრიგადაში დეზერტირობის ფაქტები არსებობს.