ბრიტანეთიდან გამოფრენილმა თვითმფრინავმა ვილნიუსში დაშვება ნავიგაციის შეფერხების გამო ვერ შეძლო. სანავიგაციო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, „ჯიპიეს“ (GPS) -კავშირთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო დროს ლიეტუვაში ხშირად იჩენს თავს.
ხუთშაბათს საღამოს ლონდონიდან გამოფრენილი კომპანია „რაინეარის“ სამგზავრო თვითმფრინავი ვილნიუსში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ შეტრიალდა და ვარშავაში გაფრინდა. პოლონეთის დედაქალაქში იძულებითი გაჩერების შემდეგ, ის უკან გამობრუნდა და 23:47 საათზე ვილნიუსის აეროპორტში წარმატებით დაეშვა.
კომპანია „Oro navigacija“-ს ოპერატიული სამსახურის ხელმძღვანელის, ტომას მონვილას თქმით, ბოლო დროს ლიეტუვა, „ჯიპიეს“-კავშირის კუთხით, შეფერხებებს აწყდება.
„გასული წლის ბოლო კვარტალში ასეთი პრობლემები ბევრი იყო“, – აღნიშნა მან ლიეტუვას ეროვნულ რადიომაუწყებელთან (LRT RADIO) ინტერვიუში.
მონვილამ დაადასტურა, რომ „რაინეარის“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ვილნიუსში უნდა დაშვებულიყო, ვარშავაში „ჯიპიეს“-ის პრობლემების გამო გადამისამართდა.
„ჩვენი მონაცემებით, თვითმფრინავის „ჯიპიეს“-სისტემას ხარვეზები აღმოაჩნდა და დაშვებისას ამოქმედდა ე.წ „ავიონიკის გამაფრთხილებელი სისტემა“, რომლის სიგნალმაც გვაუწყა, რომ შეიძლებოდა თვითმფრინავი მიწას დაჯახებოდა. ამიტომ, ვარშავის ალტერნატიულ აეროპორტში თვითმფრინავის გაშვება გადაწყდა. იქ ლაინერის „ავიონიკის სისტემა“ შემოწმდა და თვითმფრინავი ვილნიუსში დაბრუნდა“, – აღნიშნა მონვილამ.
მისი თქმით, „ჯიპიეს“-ს შეფერხებები შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო შეექმნას, მათ შორის – უცხოური მთავრობების მიზანმიმართული ქმედებების გამო.
„ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. არსებობენ არამეგობრული ქვეყნები და ა.შ“, – დასძინა მონვილამ.
ლიეტუვას ტრანსპორტის მინისტრის მრჩევლის, ლუკას პასკევიჩიუსის თქმით, როგორც ხუთშაბათს საღამოს, ასევე პარასკევს დილით, ქვეყნის ყველა აეროპორტში ყველა სხვა თვითმფრინავი უსაფრთხოდ აფრინდა და დაეშვა.
გამოძიება
ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს განცხადებით, ხელისუფლების შემდგომი ქმედებები ინციდენტის გამოძიების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამაზე და მომავალშიც ვისაუბრებთ. ბევრი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ამიტომ, გამოძიების დასრულებამდე და საბოლოო შედეგების გაცნობამდე ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ“, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელშიც უმაღლესი სახელმწიფო და სამხედრო ხელმძღვანელები შედიან.
„ჩვენი შემდგომი ქმედებები, ერთობლივი საერთაშორისო ზომები, საბოლოო დასკვნებზე იქნება დამოკიდებული იქნება“, – დასძინა მან.