ისრაელის ჯარი არ გავა ფილადელფიის დერეფნიდან, რომელიც ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირველი ეტაპის ბოლოს უნდა დატოვონ ეგვიპტე-ღაზის საზღვრის მონაკვეთი.
„ჩვენ არ დავტოვებთ ფილადელფის დერეფანს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ „ჰამასის“ მკვლელებმა კვლავ იარონ ჩვენ საზღვრებზე პიკაპებითა და იარაღით. ჩვენ არ დავუშვებთ მათ ხელახლა შეიარაღებას კონტრაბანდის საშუალებით“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის წევრმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
გეგმის თანახმად, ფილადელფიის დერეფნიდან ისრაელის ჯარების გასვლა პირველი ფაზის 42-ე დღეს, ანუ 1-ელ მარტს უნდა დაიწყოს და 50-ე დღეს, ანუ 9 მარტს დასრულდეს.