258 მილიარდი ევრო… ეს არის ევროპაში დაბლოკილი რუსული აქტივების სავარაუდო ოდენობა. ევროპელებმა ეს აქტივები იმიტომ გაყინეს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისთვის დაესაჯათ. ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს ამ თანხის კონფისკაცია და უკრაინისთვის გადაცემა სურს. მაგრამ ასეთი ნაბიჯის გადადგმას ყველა არ ეთანხმება.
ეს რუსული მილიარდები, ძირითადად, ბრიუსელის ჩრდილოეთის სადგურთან (Gare du Nord) ახლოს მდებარე უბრალო საოფისე შენობაშია თავმოყრილი, რომელიც ფინანსური გიგანტ Euroclear-ს ეკუთვნის. კრემლთან დაახლოებული პირებისა და რუსული ინსტიტუტების აქტივები ამჟამად დაბლოკილია. რუსული აქტივების ირგვლივ ცხარე დიპლომატიური დისკუსები ბოლო დღეებში არ ცხრება.
ევროპის სახელმწიფოების პოზიციები გაიყო
საკითხავია, შესაძლებელია თუ არა ამ აქტივების ჩამორთმევა (კონფისკაცია), უკრაინისთვის მათი გადაცემა და კონფლიქტის მოგვარების გადამწყვეტ მომენტში ამ ნაბიჯით კიევის გაძლიერება? დღეს ევროკავშირი უკრაინა უკვე უხდის რუსული აქტივებიდან მიღებულ მოგებას, ანუ პროცენტებს, რომელიც, მთლიან აქტივებთან შედარებით, ძალიან მცირე თანხაა. აქტივების მთლიანად კონფისკაციის შესახებ მსჯელობა ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის უკვე გაიმართა… მაგრამ იდეას სახელმწიფოთა მხოლოდ მცირე ნაწილი იწონებს. ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, რუსული აქტივები იარაღად გამოიყენონ და მათი კონფისკაცია მოახდინონ, ყველაზე მოწყვლადი, რუსეთის მიმართ ყველაზე მეტად დაუცველი ქვეყნები არიან – რუსული აქტივების კონფისკაციას ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი და დანია ემხრობიან.
„ჩვენმა გადასახადის გადამხდელებმა უკრაინის მხარდაჭერისთვის ფული არ უნდა გადაიხადონ. ეს თანხა უნდა გაიღოს რუსეთმა – ქვეყანამ, რომელიც უკრაინას ანადგურებს“.
თავისი პოზიცია ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ესტონელმა კაია კალასმაც გამოხატა.
„ამისთვის ყველას მხარდაჭერა გვჭირდება. აქამდე ერთსულოვანი მხარდაჭერა არ გვქონდა. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთი ქვეყანა შემოგვიერთდა, რომელიც ადრე წინააღმდეგი იყო. ყველას მიგვაჩნია, რომ ჩვენმა გადასახადის გადამხდელებმა უკრაინის მხარდაჭერისთვის ფული არ უნდა გადაიხადონ. ეს თანხა უნდა გაიღოს რუსეთმა – ქვეყანამ, რომელიც უკრაინას ანადგურებს“.
მთავარი წინაღობა ამ გზაზე ასეთი ნაბიჯის გადადგმის კანონიერების საკითხია. თეორიულად, ეს შეუძლებელია საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული „სუვერენული იმუნიტეტის“ პუნქტის გამო, რომელიც თითოეულ სახელმწიფოს და მის აქტივებს იცავს. კონფისკაციის მომხრე სახელმწიფოები ამტკიცებენ, რომ სამართლებრივი ხარვეზის პოვნა შესაძლებელია, რაზეც სხვები პასუხობენ, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ევროკავშირი ავტორიტეტს და სანდოობას დაკარგავს.
„რუსეთში ჩვენც ბევრი აქტივი გვაქვს დაბლოკილი“.
კონფისკაციაზე უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზია იმის შიში, რომ სხვა საერთაშორისო ინვესტორები ევროპული ფინანსური ცენტრებიდან გაიქცევიან. შემაკავებელი ფაქტორია საპასუხო ზომების მაღალი ალბათობაც. „ჩვენ ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ასეთ სენსიტიურ და კომპლექსურ საკითხებს ეხება. რუსეთში ჩვენიც ბევრი აქტივი გვაქვს დაბლოკილი“, – განაცხადა ყოფილმა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა.
მოლაპარაკების მაგიდასთან მოხვედრის ბერკეტი
ბოლო და მთავარი არგუმენტი კი ალბათ ის არის, რომ უკრაინისთვის ახლა 200 მილიარდის გადაცემა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უზარმაზარი ბერკეტის დაკარგვას ნიშნავს. დღეს ევროპას შეუძლია, მოსკოვს მისი აქტივების კიევისთვის გადაცემით დაემუქროს, ან უკან დაბრუნება შესთავაზოს იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ეს აქტივები უკრაინის აღსადგენად იქნება გამოყენებული. მოკლედ რომ ვთქვათ, გაყინული აქტივები ევროპას, შესაძლოა, მოლაპარაკებების მაგიდასთან მოხვედრაში დაეხმაროს.