რომის პაპი ფრანცისკე, საკუთარი ანდერძის თანახმად, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ის 1903 წელს ლეო მე-13-ის დაკრძალვის შემდეგ პირველი პაპი გახდა, რომელიც ვატიკანის გარეთ დაკრძალეს. დღეიდან იწყება ცხრადღიანი გლოვა, რომლის განმავლობაშიც ყოველდღიურად აღევლინება მესა ფრანცისკეს სახელზე.
დაკრძალვა ვიწრო წრეში გაიმართა რამდენიმე კარდინალის, ასევე ფრანცისკეს პირადი ექიმის, მასიმილიანო სტრაპეტის მონაწილეობით.
სანტა მარია მაჯორეს ეკლესიაში რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედნიდან გადაასვენეს. ფრანცისკეს უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად რომის ქუჩებში იმ გზის გასწვრივ, სადაც სამგლოვიარო პროცესიამ ჩაიარა, 150 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.
ვატიკანის ცნობით, პონტიფიკოსთან გამოსამშვიდობებლად დაახლოებით 250 ათასი ადამიანი მივიდა. პაპის დაკრძალვაზე სულ იტალიაში 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია ჩავიდა. ცერემონიას საქართველოს ოფიციალური დელეგაციაც დაესწრო.
პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.
ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი ფრანცისკეს გარდაცვალებიდან 15-20 დღის ვადაში უნდა გაიმართოს. ვარაუდობენ, რომ კონკლავი 6 მაისის შემდეგ დაინიშნება.