„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადება მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, რომ რაიმე ამინდს ქმნიდეს ამერიკაში.
როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, კონგრესმენის განცხადებები შეურაცხმყოფელია.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ უილსონი არ არის პოლიტიკოსი, რომ რაიმე ამინდს ქმნიდეს ამერიკასა თუ სხვაგან. რაც შეეხება მის განცხადებებს, ეს არის შეურაცხმყოფელი და სამწუხაროდ ის, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებზე უფრო „ნაცმოძრაობის“ ლიდერია. როგორც ჩანს, მასაც შემოაკლდა ფული და რასაც უხდიან, იმის შესაბამისად საუბრობს. არავინ გაუტარებს არც უილსონს და არც არავის არავითარ უსამართლო განცხადებას. „ნაცმოძრაობა“ საჭიროებს უილსონის მსგავსი პოლიტიკოსების დახმარებას, აი, ეს არის საჯარო მტკიცებულება, რომ ზუსტად უცხოეთიდან არის მართული აქაური კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სხვადასხვა მედია-საშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს, 17 აპრილის დადგენილებით 17 ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლას შეძლებს, ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეხმიანება.
აღნიშნულ საკითზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებები ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყება აცხადებს, რომ ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.