ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სტატუსი გავრცელდება იმ რეგიონებზე, რომლებიც ამის თხოვნით მიმართავენ.
ამ დროისთვის, მადრიდმა, ანდალუსიამ და ესტრემადურამ ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე სთხოვეს საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა ფუნქციების საკუთარ თავზე აღება.
ელექტროენერგიის გათიშვა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიებს, როგორიცაა ტრანსპორტი და ტელეკომუნიკაციები.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.
მანამდე ესპანეთსა და პორტუგალიაში დენის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. დენის მასშტაბურმა გათიშვამ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება და დიდი საცობები გამოიწვია.
„ევროპის ელექტროსისტემაში ძლიერმა ტექნიკურმა რყევამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, თუმცა კონკრეტულად რა გახდა მისი მიზეზი, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს“, – აღნიშნა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს.
პორტუგალიის ოპერატორმა განაცხადა, რომ პორტუგალიაში მომხდარი ელექტროენერგიის გათიშვა გამოწვეული იყო ესპანეთის ელექტროქსელში არსებული ხარვეზით, რომელიც დაკავშირებული იყო იშვიათ ატმოსფერულ მოვლენასთან.