საგამოძიებო კომისიის დასკვნაში შესწავლილია და ფაქტებით, ინფორმაციებით ნათქვამია, რომ „ვარდების რევოლუცია“ სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.
წულუკიანის თქმით, „2004 წლის დასაწყისშივე ძველი პარლამენტით, რომელსაც უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, კონსტიტუციაში შევიდა ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომ მთლიანად დისბალანსი მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ“.
„დასკვნაში წერია, რომ ედუარდ შევარდნაძეს დღემდე არ აქვს დაწერილი გადადგომის შესახებ განცხადება და ის არც არავის არ გადაუყენებია, თუ არ ჩავთვლით აქ მდგარ ჩაის სმას. ასევე დასკვნაში ნათქვამია, რომ ახლად არჩეული პარლამენტი შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოიჭრნენ ე.წ. რევოლუციონერები ამ დარბაზში და მაინც ძველი პარლამენტით იქნა საკანონმდებლო საქმიანობა გაგრძელებული. ეს ყველაფერი დასკვნაში წერია. ანუ საკითხები არის დაყენებული, რაც არ არის უბრალო საქმე ისტორიისთვის და შემდეგ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად იკვლიოს, ძალიან კარგი იქნებოდა. აქაც მეცნიერების და ისტორიკოსების როლი იქნებოდა გადამწყვეტი, რადგან თქვენ იცით და ასევე დასკვნაში წერია, 2004 წლის დასაწყისშივე ძველი პარლამენტით, რომელსაც უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, კონსტიტუციაში შევიდა ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომ მთლიანად დისბალანსი მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ და ძალაუფლება მან ხელში ჩაიგდო უკვე კანონის საფუძველზე. ეს ყველაფერი დასკვნაში არის და მათ შორის უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით ახსნილია, რატომ ჩავთვალეთ, რომ „ვარდების რევოლუცია“ რეალურად სახელმწიფო გადატრიალება იყო. ასევე, ფაქტებზე დაფუძნებით ნათქვამია, მათ შორის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაა მოყვანილი, რომ „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ცესკო-მ, რომელსაც მაშინ ბატონი ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა, ისე შეაჯამა არჩევნების შედეგები, რომ 2 კონკრეტულ ოლქში არჩევნები ჩატარებული არ იყო. თქვენ ალბათ არც კი გინდათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა, დღეს რომ ეს რომელიმე ჩვენგანს გაებედა ქართველი ხალხისთვის. ეს ყველაფერი დასკვნაში წერია. ასევე წერია, რომ ცესკო-ს ასეთი თავმჯდომარე ჭიაბერაშვილი, მანამდე „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილე პირი იყო, ვინაიდან „ისფედს“ ხელმძღვანელობდა და სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგად დაიწყო რევოლუციური და გადატრიალების პროცესები.
ასევე, ჩვენ მოვუსმინეთ – მინდა, მის ხსოვნას პატივი მივაგო – ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს, რომელმაც ისაუბრა სწორედ 2008 წლის გაყალბებულ არჩევნებზე. არის საკითხები დაყენებული, მოხსენიებულია, მაგრამ ბოლომდე ნაკვლევი ვერ იქნებოდა, რადგან სცილდებოდა ჩვენი უფლებამოსილების და ფიზიკური შესაძლებლობების ფარგლებს, თუმცა გულდასაწყვეტი, რა თქმა უნდა, არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.