ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, გეორგი ივანოვმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ესპანეთის ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო და 0:3 წაგება ბუნებრივად მიიჩნია. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან ძალიან რთულ მატჩს ელიან.
„ყველამ დაინახა, რომ წარმოუდგენლად ძლიერ გუნდს შევხვდით, ძლიერი ინდივიდუალისტებით. ეს განსხვავებული დონის გუნდი იყო და შედეგი ბუნებრივი გახლდათ.
ბულგარეთის ნაკრებმა უნდა იმუშაოს, რომ, მინიმუმ, საშუალო ევროპულ დონეს მივაღწიოთ. თანაც დაგვაკლდა ტრავმირებული კაპიტანი კირილ დესპოდოვი, რომელსაც ეროვნული ნაკრებისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან კარგად ვითამაშოთ. ეს გუნდი კლასით ესპანეთს არ ჰგავს – ჩვენი დონისაა. თუმცა რამდენიმე წლის წინ ერთა ლიგაზე ვეთამაშეთ და აშკარაა, რომ ვითარდებიან. ამიტომ თბილისში ძალიან რთული მატჩი გველის“, – განაცხადა ივანოვმა.