მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.
6 სექტემბერს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ოფიციალური პრესკონფერენცია შედგა, რომელზეც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოსალოდნელ ტაქტიკურ ცვლილებებზე ისაუბრა.
„ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. თურქეთთან შედარებით ბულგარეთი განსხვავებული ტიპის გუნდია. სამ დღეში ორი მატჩი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად განსხვავებული რამის გაკეთება გვსურს ან მომავალში ყოველთვის ასე ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით თამაშს გაცილებით უკეთ დავიწყებთ და ვიქნებით გუნდი, რომელიც დომინირებს მოედანზე, – განაცხადა სანიოლმა.