გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენცია, რაც არის მნიშვნელოვანი და იმ საქმიანობის მთავარი ინდიკატორი, რასაც მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 3%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ასევე 30%-ით არის შემცირებული თაღლითობა, 17%-ით არის შემცირებული ყაჩაღობა, 34%-ით არის შემცირებული გამოძალვა, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 63%-ს აღემატება.
„რაც შეეხება ზოგადად, კრიმინოგენურ მდგომარეობას, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენცია, რაც არის მნიშვნელოვანი და იმ საქმიანობის მთავარი ინდიკატორი, რასაც მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. 3%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. 30%-ით არის შემცირებული თაღლითობა, 17%-ით არის შემცირებული ყაჩაღობა, 34%-ით არის შემცირებული გამოძალვა. ესეც არის იმ კონკრეტული ზომების შედეგი, რაც მიღებული იქნა შსს-ს მიერ. 63%-ს აღემატება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ყველა ეს შედეგი არის პოლიციელების გმირობის შედეგი. ჩვენ გვახსოვს კონკრეტული სპეცოპერაციები. იგივე ნარკოტიკებთან, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით. თითოეული ეს სპეცოპერაცია გულისხმობს სიცოცხლის რისკზე წასვლას და ნებისმიერი ასეთი საქმიანობა დაკავშირებულია თავდადებასთან, გმირობასთან და თითოეულ პოლიციელს მინდა გადავუხადო მადლობა მათი გმირული დამოკიდებულებისა და პატრიოტიზმისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შევძელით ჩვენ ამ მასშტაბური ცვლილების მიღწევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში და მას ჩვენგან და საზოგადოებისგან ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.