უფრო და უფრო ხშირად გვესმის ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და რამდენიც არ უნდა შეეცადონ, რომ ამას გაუკეთონ წინსართი – მშვიდობიანი, ლამაზი, ვარდების და ა.შ. (ძალიან კარგად გამოსდით მათ ეს რაღაც შეფუთული მავნებლობები) ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი არის ანტიკონსტიტუციური მოქმედება, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ამგვარი მოწოდებები არის სახელმწიფოზე თავდასხმა და პროვოკაცია, რასაც ერთი მხრივ პასუხი სახელმწიფომ, მეორე მხრივ კი საზოგადოებამ უნდა გასცეს.
„ჩვენს კონსტიტუციაში, სისხლის სამართლის კოდექსში, ყველგან საკმაოდ მკაფიოდ არის გაწერილი რა არის დანაშაული – კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან დამხობისკენ მოწოდება არის დანაშაული, შესაბამისად ეს ადამიანები ცეცხლს ეთამაშებიან. როგორც მზია ამაღლობელი პროვოკაციულად და დემონსტრაციულად ცდილობდა, რომ იმ პოლიციელის სახით სახელმწიფოსთვის გაერტყა სილა, ამ შემთხვევაშიც მათი ეს მოწოდებები არის სახელმწიფოზე გარკვეული თავდასხმა და ეს პროვოკაცია გულისხმობს იმას, რომ თუ გაუვათ, 4 ოქტომბერს ამის მცდელობა ექნებათ. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას პულსი არ ესინჯება, მათი ძალადობრივი შინაარსი არ იცვლება და ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა წარმოადგენს ამ პარტიას და ემსახურება ნაცისტურ მიზნებს, რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რევოლუცია გახდეს რეალობა. კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან როდესაც კანონსაწინააღმდეგო მოწოდებაზე არის საუბარი, სახელმწიფო იძულებული იქნება, რომ შესაბამისად იმოქმედოს.
წინასაარჩევნო პერიოდში რაოდენ რადიკალურებიც არ უნდა იყვნენ ისინი, რეალურად პოზიციონირებენ როგორც ოპოზიცია და მათთან მიმართებით განსაკუთრებით ფრთხილები ვართ, რომ ეს არ გაიყიდოს ძალიან ცუდად უცხოელი აქტორების თვალში. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალური თავისუფლება და სამოქმედო არეალი მიეცეს ოპოზიციას იმისთვის, რომ არ იყოს სპეკულაციები. ეს ყველაფერი არ ანულებს იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანები კონკრეტული კანონდარღვევის მოწოდებით გამოდიან. რა თქმა უნდა, ეს არის მათი მხრიდან პროვოკაცია, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს ერთი მხრივ სახელმწიფოს, მეორე მხრივ საზოგადოების მხრიდან“, – აცხადებს წილოსანი.