თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გლდანის (ავჭალა) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, შალვა ოგბაიძე, “რუსთავი 2-ის” ეთერში, იმ პროექტებზე საუბრობს, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკას უკავშირდება. მისი თქმით, იგეგმება მეტროპოლიტენის მთლიანი მოძრავი შემადგენლობის განახლება. ასევე, იგეგმება მეტროს ჩასასვლელ-ამომსვლელების შეკეთება-რეაბილიტაცია.
“2017 წლამდე ბატონი კახა კალაძის წინასაარჩევნო პერიოდში გაცხადდა ის სტრატეგიული მიმართულებები, რომელიც იყო პირდაპირ დაკვეთა ჩვენი თანამოქალაქეების, რომლის რანგირებაც რამდენიმე მიმართულებად ჩამოყალიბდა. მაგალითად, სატრანსპორტო პოლიტიკა, დედაქალაქის ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების პოლიტიკა, სოციალური და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იყო სატრანსპორტო პოლიტიკა.
ახლა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ევროპაში ერთ-ერთი გამართული ავტოპარკი გვაქვს, მხედველობაში მაქვს, სახმელეთო ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი ავტობუსები, 8-მეტრიანი, 12, ახლა 18-მეტრიანი ავტობუსები. სრულად შეივსება ეს პარკი, რაც გაცხადებულია.
აგრეთვე, მიკროავტობუსები, ყვითელი მიკროავტობუსები შეიცვალა ახალი ლურჯი მიკროავტობუსებით. აქვე, გვერდს ვერ ავუვლი ბაგირგზათა სისტემას, გაიხსნა თბილისელებისათვის საყვარელი და ვიტყოდი, დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი რუსთაველი-ფუნიკულიორის დამაკავშირებელი ბაგირგზა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მეტროპოლიტენის სისტემაში გასატარებელი სამუშაოები. თუმცა, დაწყებულია ყველაზე რთული და მტკივნეული, თითქმის 450 კმ.ზე მეტი გამხმარი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ძალური კაბელების შეცვლა. არცთუ ისე იშვიათი იყო, როდესაც მატარებელი უბრალოდ ამ კაბელის დაზიანების გამო ჩერდებოდა ხოლმე. ამ მატარებლის სიძველის გამო, რამდენი ვაგონია რეაბილიტირებული, რამდენი გამწევი ლოკომოტივია რეაბილიტირებული. მაგრამ, აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ 10 წლის განმავლობაში ჩვენ მთლიანად განვაახლებთ მეტროპოლიტენის მთლიან მოძრავ შემადგენლობას.
ძალიან საინტერესოა ისიც, რომ მეტროპოლიტენი იქნება არა დახურულ კარებიანი, არამედ გამჭოლკარებიანი, რაც საშუალებას მისცემს მგზავრებს, რომ შიგნით იოლად გადანაწილდნენ პიკის საათებში, ასევე მეტროს ჩასასვლელ-ამომსვლელების შეკეთება-რეაბილიტაცია.
სიახლეა ისიც, რომ ზოგიერთი მეტროპოლიტენის სადგურს ჰქონდა ორი ჩასასვლელი, რომელიც მიზეზთა გამო იყო დაკონსერვებული. ახლა გაცხადდა, რომ მეტრო “ახმეტელის” ჩასასვლელს მეორე ჩასასვლელიც დაემატება, ისევე როგორც გეგმაში არის იმ პროექტის რეალიზება, რომელიც მეტრო “მარჯანიშვილის” მეორე ამოსასვლელის რეაბილიტაციას ითვალისწინებს,” – ამბობს შალვა ოგბაიძე.