„შუახევი ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილ წლებთან ასოცირდება, აქ დავიბადე და გავიზარდე და შუახევში არსებულ გამოწვევებს კარგად ვიცნობ“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა შუახევის მუნიციპალიტეტში, ომარ ტაკიძემ, რომელიც მეორე ვადით მერობისთვის ემზადება.
ომარ ტაკიძის თქმით, მისთვის შუახევის მერობა ძალიან დიდ პატივთან და ამასთანავე უდიდეს პასუხისმგებლობასთან ასოცირდება.
,,ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ვემსახურო ჩვენს ულამაზეს შუახევის მუნიციპალიტეტს და შუახეველებს. მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს კარგად ვიცნობ და მათ აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა”, – აცხადებს ომარ ტაკიძე.
ომარ ტაკიძის თქმით, მისთვის მმიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული და ტურისტული მიმართულება.
,,შუახევში, დაბის ცენტრის კეთილმოწყობის პარალელურად მიმდინარეობს სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა, რაზეც 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტები მიზნად ისახავს, სოფლის ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას”, – აცხადებს ომარ ტაკიძე.
ომარ ტაკიძის განცხადებით, საგანმანათლებლო სფერო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი მერობის პერიოდში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 საბავშვი ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 საბავშვო ბაღს. დღეის მდგომარეობით, 300-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. ასევე, აშენდა და რეაბილიტირდა 30-ზე მეტი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ ცენტრს, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ომარ ტაკიძის თქმით, ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ყველა მოქალაქეს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე.
,,გაიზარდა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება. მიმდინარე წელს ვახორციელებთ 25 მიზნობრივ პროგრამას, რომელიც მორგებულია მოქალაქეების საჭიროებებზე. წინ გვაქვს კიდევ უფრო დიდი გეგმები და რეალური პროექტები, რომელიც ორიენტირებულია შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე”, – აცხადებს ომარ ტაკიძე.