ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ იცის, არჩევნებში დამარცხდება და ამიტომ სურს ქაოსი სამოქალაქოს დაპირისპირებაში გადაიყვანოს.
„ამ ყველაფერმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ეს არის „ნაცორკების“ მიერ კარგად გააზრებული და დაორგანიზებული პროვოკაციები. ჩვენი ამოცანაა, თბილისში, არჩევნები პირველივე ტურში დავასრულოთ. ეს მათი [ოპოზიცია] აგრესია გამოწვეულია სწორედ ამით, რომ იციან ძალიან დიდი ანგარიშით განადგურდებიან „ქართულ ოცნებასთან“ და არ უნდათ ლუსტრირება მოხდეს რეალური შედეგის და მანამდე უნდათ, რომ ქაოსი სამოქალაქოს დაპირისპირებაში გადაიყვანონ, მაგრამ ვამბობ, რომ მათ არაფერი გამოუვათ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
აქციის მონაწილეები გუშინ ისევ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები და ცდილობდნენ ოფისში მყოფი ადამიანების პროვოცირებას. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საარჩევნო ბანერი. დაწყებულია გამოძიება. ტრადიციულად რადიკალთა დაჯგუფება დაუპირისპირდა მათთვის არასასურველი ტელევიზიის ჟურნალისტებს, მათ შორის ქრონიკის გადამღებ ჯგუფს.