პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ნატოს წევრ სახელმწიფოებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
ტუსკის განცხადებით, ვარშავა უნდა დაიცვან რეალური საფრთხისგან, რომელიც რუსეთიდან მოდის. პოლონეთის პრემიერი განმარტავს, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრა და მათი ჩამოგდება პოლიტიკურ სიტუაციას ცვლის და საჭიროა ალიანსის კონსულტაციები მეოთხე მუხლის ფარგლებში.
ტუსკი აცხადებს, რომ ალიანსი ომის ზღვარზე ჯერ არ არის, თუმცა ვითარება საკმაოდ სახიფათოა.
„დრონების ჩამოგდების ფაქტი ცვლის პოლიტიკურ სიტუაციას. არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ომის ზღვარზე ვართ, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ეს პროვოკაცია აჭარბებს არსებულ საზღვრებს და იმაზე გაცილებით სახიფათო ვითარება გვაქვს, ვიდრე გვქონია. ეს სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად გვაახლოებს ღია კონფლიქტთან. უკრაინა-რუსეთის საზღვარზე სრულმასშტაბიანი ომია, თუმცა უკვე მოხდა ჩვენს ცაზე ისეთი რამ, რაც უბრალო პროვოკაციას ცდება. პოლონეთს დღეს ჰყავს პოლიტიკური მტერი, რომელიც არ მალავს თავის მტრულ განზრახვას. დღეს საჭიროა ნატოს წევრების სრული მობილიზაცია და უნდა შეწყვიტონ კომფორტის ზონაში ყოფნა. ჩვენი შესაძლებლობები უნდა გავაერთიანოთ, რომ დავიცვათ პოლონეთი რეალური მტრისგან. ეს ნატოს ყველა წევრის პასუხისმგებლობაა. მათი პირველი გზავნილიდან ვხედავ, რომ ნატოს წევრები მართლაც აცნობიერებენ, რომ ეს მათი პრობლემა და მათი ომიცაა“, – თქვა ტუსკმა პოლონეთის სეიმში სიტყვით გამოსვლისას.