ხელის გულზე იდო ის დანაშაული, რომელსაც ხაბეიშვილი ჩადიოდა. თან ეს საჯარო დაპირება არაერთგზის გაიმეორა – ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ლევან ხაბეიშვილის დაკავება.
მის განმარტებით, პოლიტიკოსის მანტია ინდულგენცია არ არის და დანაშაულის ჩადენას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
“ხელის გულზე იდო ის დანაშაული, რომელსაც ხაბეიშვილი ჩადიოდა. თან ეს საჯარო დაპირება არაერთგზის გაიმეორა. ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ჩაიდინონ დანაშაული და მერე პოლიტიკოსის მანტია მათთვის იქნება რაღაც ინდულგენცია. ჩაიდენს დანაშაულს, სათანადო პასუხისგება მოუწევს კანონის, სამართლის და სასამართლოს წინაშე და ზუსტად ეს დაემართა ხაბეიშვილს. ის, რაც უნდათ რადიკალებს და ის, რაც რეალობაა ერთმანეთისგან განსხვავდება. მათ სურთ საკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზება და ამისათვის საზოგადოების მოტყუება. დანაშაული არის, როდესაც საჯაროდ ჰპირდები ქრთამის მიცემას კონკრეტული თანამდებობის პირს, კონკრეტულ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს. არ არის აუცილებელი გვარის და სახელის დასახელება. როდესაც ეს ყველაფერი არის საჯაროდ და საჯარო დაპირების ფორმატში, უკვე დგება იმ დანაშაულის ელემენტები, რომელიცგულისხმობს ასეთი ქმედებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პროკურორს, დღეს ბრალს წაუყენებენ. ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის საჯაროდ დაპირების გამო დააკავეს. საუბარია 339-ე მუხლზე. ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავაც, რომელსაც ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვას, გაქცევას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას ედავებიან.